ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოძრავი ბაზრების მუშაობას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი და ქობულეთის მერი გაეცნენ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოძრავი ბაზრების მუშაობას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი და ქობულეთის მერი გაეცნენ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში მობილურ, ე.წ მოძრავი ბაზრების მუშაობას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი და ქობულეთის მერი გაეცნენ.

ტიტე არეშიძის თქმით, იმ სოფლებში, სადაც მკაცრი საკარანტინო პირობები მოქმედებს, მოსახლეობას ე.წ მოძრავი ბაზრების მეშვეობით ბოსტნეულით მოამარაგებენ, მაღაზიებში კი, საკვები პროდუქტის საკმარისი მარაგია. სიტუაციას ადგილზე გაეცნო აჭარის პოლიციის უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილიც.

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით იმ სოფლებში, რომლებიც მოექცნენ კარანტინის ზონაში, მოხდება მობილური ბაზრობის ადგილზე მისვლა და შესაბამისად ყველა ის პროდუქტი, რომელიც არის პირველადი მოხმარების, მოსახლეობას ექნება წვდომა. ჩვენ სასურსათო სექტორში არანაირ პრობლემას არ შევქმნით, შესაბამისად, მოსახლეობაც დანაკლისში არ იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ფასების ვაკონტროლებთ და მონიტორინგს ვახორიციელებთ. მოძრავ ბაზრობაზე ვნახეთ, რომ ფასები არის მისაღები, იმაზე შედარებით მცირეც, რაც ცენტრალურ ბაზარშია“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე არეშიძემ.

ე.წ. მოძრავი ბაზრის საქმიანობას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძეც გაეცნო.

„ჩვენ ვიმყოფებით სოფელ მუხაესტატეში, ამოსული არის ე.წ მობილური ბაზარი, რომელიც წარმოდგენილია სხვადასხვა პროდუქციის ასორტიმენტით, განსაკუთრებით ბოსტნეულით. ამ სოფელში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი, ადგილობრივებს აქვთ შესაძლებლობა, შეიძინონ იმ ფასად რა ფასითაც ხდება შეძენა ქობულეთის აგრარულ ბაზარში. მოსახლეობა ამ კუთხით არის კმაყოფილი, ჩვენ გუშინ დავაანონსეთ და დღეს უკვე შევასრულეთ ეს დაპირება“, – განაცხადა ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ.