ქობულეთის მერი - აქტიურად მუშაობს ყველა შესაბამისი უწყება, მოქმედებს შტაბი, ცხელი ხაზი, უკვე გაწმენდილია ყველა ადმინისტრაციული ერთეული, აღდგენილია ელექტრომომარაგება
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ექვსი დღის განმავლობაში იყო ინტენსიური თოვა, აქტიურად მუშაობდა ყველა შესაბამისი უწყება, მოსახლეობასთან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იყვნენ მუდმივ კომუნიკაციაში, მოქმედებდა შტაბი, ცხელი ხაზი და არცერთი შეტყობინება რეაგირების გარეშე არ დაგვიტოვებია, – ამის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ლევან ზოიძის განცხადებით, ელექტროენერგია უკვე აღუდგა მოსახლეობის დიდ ნაწილს და ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რათა დარჩენილ აბონენტებსაც მაქსიმალურად მოკლე ვადებში მიეწოდოთ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები და მას შემდეგ, რაც დღის განმავლობაში ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულდება აღნიშნული პროცესი, ეტაპობრივად გაიწმინდება შიდა სასოფლო გზები.
„თოვლის საფარი ზოგიერთ სოფელში ორ მეტრს აღემატებოდა. უკვე გაწმენდილია ყველა ადმინისტრაციული ერთეული, მიმდინარეობს ბოლო ადმინისტრაციული ერთეულის გაწმენდა, რომელიც დღეს დასრულდება და, როგორც კი მოვრჩებით, მთავარი გზების გაწმენდით სამუშაოებს, შემდეგ უკვე ეტაპობრივად გადავალთ შიდა სასოფლო გზების გაწმენდით სამუშაოებზე. ასევე ვმოქმედებთ კონკრეტული გეგმის მიხედვით, გამოყოფილი გვაქვს სპეციალური ტექნიკა, კოორდინირებულად ვმუშაობთ. როდესაც შემოდის ზარი სამედიცინო დაწესებულებაში გადასაყვან პაციენტზე, ყველა ასეთ შემთხვევაში ხდება რეაგირება. პაციენტები გადაგვყავს შესაბამის დაწესებულებებში. სტიქიის შედეგად თავდაპირველად მუნიციპალიტეტში 10 000 ადამიანს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, ამ დროისათვის დარჩენილია მხოლოდ 900-მდე აბონენტი. შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, რომ ამ აბონენტებსაც მაქსიმალურად მოკლე ვადებში მიეწოდოთ ელექტროენერგია. სირთულეს წარმოადგენდა მაღალი თოვლი, ტექნიკას უჭირდა გადაადგილება დაზიანებულ ადგილებამდე. დღეს უკვე მაქსიმალურად ინტენსიურად იმუშავებენ შესაბამისი სამსახურები, რათა აღნიშნულ ოჯახებს მიეწოდოთ ელექტროენერგია. გარკვეული შეფერხებები იყო ბუნებრივ აირთან დაკავშირებითაც, ამ ეტაპზე შეფერხება აქვს 900-მდე აბონენტს, აქაც იწმინდება ის ადგილები, სადაც იყო დაზიანება, გასულები არიან ჯგუფები და მიდის აღდგენითი სამუშაოები“, – განაცხადა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, დაზიანდა 70-ზე მეტი სახლი, მოსახლეობა უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი და ზიანის ანაზღაურების საკითხს სტიქიის სალიკვიდაციო კომისია შეისწავლის.
„ძლიერი ნალექის შედეგად დაზიანდა 70-ზე მეტი სახლი, სადაც ჩამოინგრა ჭერი. ჩვენ გასული ვიყავით თითოეულთან, ადგილზე. მოსახლეობა უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი. თითოეულ მოქალაქეს დავუდგებით გვერდში და დავეხმარებით ზიანის ანაზღაურებაში“, – განაცხადა ლევან ზოიძემ.