ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი აშშ-დან წავიდა და მეცნიერულ საქმიანობას ჩინეთში გააგრძელებს

15:37, 18.07.2026
ჩინეთისა და აშშ-ის დროშები (საილუსტრაციო ფოტო)

ჩინეთისა და აშშ-ის დროშები (საილუსტრაციო ფოტო)

ნობელის პრემიის ლაურეატმა ქიმიკოსმა, ომარ იაღიმ (Omar Yaghi) გადაწყვიტა, ამერიკის შეერთებული შტატები დატოვოს, სადაც ის აქამდე მოღვაწეობდა. ახალი თანამდებობა მას ჩინეთში შესთავაზეს, სადაც იაღი იმ ლაბორატორიას უხელმძღვანელებს, რომელიც მასალების კვლევას ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით აწარმოებს. სახელგანთქმული ქიმიკოსის თქმით, მის მიერ ამ ნაბიჯის გადადგმის მთავარი მიზეზი აშშ-ში ამჟამად არსებული სიტუაციაა.

 

უკვე წლებია, იაღი თანამედროვე ქიმიაში ერთ-ერთი უდიდესი სახელია. მისი კვლევების საფუძველზე იქმნება ახალ მასალები, მაგალითად ისეთები, რომლებსაც ჰაერიდან წყლის გამოყოფა ან უშუალოდ სხეულის კონკრეტულ უბნამდე მედიკამენტების მიტანა შეუძლიათ. გასულ შემოდგომაზე მას, თავისი მიღწევებისთვის, უმაღლესი ჯილდო- ნობელის პრემია – გადაეცა იმ სფეროში, რომელშიც მოღვაწეობს. ამ კვირაში, იაღიმ გამოაცხადა, რომ კალიფორნიის უნივერსიტეტში (ბერკლი) თავის ამჟამინდელ პოზიციას ტოვებს და მუშაობას პეკინის ცინხუას უნივერსიტეტში გააგრძელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ქიმიკოსს ამ ცვლილების მიზეზი ოფიციალურად არ დაუსახელებია, სპეციალიზებულ ჟურნალ Scientific American-ისთვის ერთი თვის წინ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში იაღიმ ღიად გააკრიტიკა აშშ-ში მეცნიერებისთვის დღეს შექმნილი პირობები, რომლებიც, მისი თქმით, საგრძნობლად გაუარესდა. მან აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მეცნიერების ამჟამინდელი მდგომარეობა, „გრანტების შემცირების, ასევე სამეცნიერო სააგენტოების მხრიდან მხარდაჭერის კლების გამო, ძალიან დიდი იმედის მომცემი აღარ არის“.

მან შეშფოთება იმის გამოც გამოხატა, რომ ამერიკელი მეცნიერები არ იზიარებენ მის შეხედულებას იმასთან დაკავშირებით, რასაც იაღი „ხელოვნური ინტელექტის სფეროში რევოლუციად“ მიიჩნევს. მისი თქმით, მკვლევრებმა ფოკუსირება სწორედ ხელოვნური ინტელექტის მოდელებზე უნდა მოახდინონ, „რადგან სასწორზე დევს აშშ-ში მოწინავე კვლევითი სისტემის გადარჩენა“.

„ქიმიის ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ თუ ისწავლით მატერიის კონტროლს ატომების და მოლეკულების დონეზე, მაშინ თქვენ უზარმაზარი შესაძლებლობები მოგეცემათ“, – ომარ იაღი

სინამდვილეში, იაგი თავის კვლევაში დიდ აქცენტს აკეთებს ხელოვნურ ინტელექტზე; მან ეს საკითხი გერმანულ გაზეთ “ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგთან” ვრცელ ინტერვიუში განიხილა . ის მიიჩნევს, რომ მისი გამოყენება სრულად შეძლებს სფეროს გარდაქმნას, გავრცელებული ინფორმაციით კი, ჩინეთი მის გამოყენებაზე ბევრად უფრო ღიაა, ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყნები.

გადასახლებულიდან სამეცნიერო ვარსკვლავამდე

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იაგი თავდაპირველად პალესტინელი ლტოლვილია, რომელიც წლების განმავლობაში თავის ოჯახთან ერთად აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობდა იორდანიის, ამანის გარეუბანში. სწორედ მისმა არაჩვეულებრივმა ნიჭმა, თანაბრად გამორჩეულ შრომისმოყვარეობასთან ერთად, გამოიყვანა იგი ამ პირობებიდან და სიღარიბიდან. თხუთმეტი წლის ასაკიდან ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და, როგორც ქიმიკოსმა, ყურადღება გაამახვილა იმაზე, რაც ცნობილია, როგორც “მეტალორგანული სტრუქტურები”. ეს არის მეტალებისა და ორგანული მოლეკულების ნაერთები, რომლებიც შესაძლებელს ხდის ისეთი მასალების შექმნას, რომელთა თვისებებიც აქამდე წარმოუდგენელი იყო.

ჩინურმა ყოველდღიურმა გამოცემამ South China Morning Post-მა პირველმა გაავრცელა ინფორმაცია მეცნიერის ბოლო გადაწყვეტილების შესახებ. ეს ხდება იმ დროს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ადმინისტრაცია აგრძელებს მცდელობას, დრამატულად შეამციროს სამეცნიერო დაფინანსება შეერთებულ შტატებში და შეზღუდოს საერთაშორისო კვლევითი პარტნიორობა. ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ და თავად ჩინეთმაც, უკვე უპასუხა ამას ამერიკელი ტალანტების მოზიდვის მცდელობით დაფინანსებისა და მხარდაჭერის დაპირებებით.

მაგალითად, მიმდინარე წლის დასაწყისში საფრანგეთმა განაცხადა, რომ დააფინანსებდა ათობით ამერიკელ მეცნიერს, რომლებიც იქ გადასახლდებიან. ამასობაში, პეკინი საერთაშორისო მკვლევრებს ნიჭიერი კადრების მოზიდვის პროგრამებით იზიდავს, და ჩინეთის ზოგიერთი ქალაქი და პროვინცია მკვლევრებს ერთჯერად გადახდებსა და ყოველთვიურ დანამატსაც კი სთავაზობს, რათა მათ თავიანთ ტერიტორიებზე გადასახლებაში წაახალისოს.

„მე ძალიან მოკრძალებულ გარემოში გავიზარდე; თორმეტნი ვცხოვრობდით ერთ პატარა ოთახში, რომელსაც ჩვენ მიერ შენახულ პირუტყვთან ვიყოფდით. მე ლტოლვილთა ოჯახში დავიბადე და ჩემს მშობლებს ძლივს შეეძლოთ კითხვა და წერა. მგონი, მამაჩემმა მეექვსე კლასი დაამთავრა, დედაჩემი კი საერთოდ ვერც კითხულობდა და ვერც წერდა“, – ომარ იაღი

და ეს ძალისხმევა ნაყოფს იძლევა. სამეცნიერო ჟურნალ Nature-ის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის თანახმად,  1,600 გამოკითხული ამერიკელი მეცნიერის სამ მეოთხედმა განაცხადა, რომ სამუშაოდ საზღვარგარეთ გადასვლას განიხილავდა.

დიდი სიურპრიზი არ არის, რომ იაგიმ პეკინში დაფუძნებული ინსტიტუტი აირჩია. ქიმიკოსს ამ ინსტიტუტთან გადასვლამდეც ჰქონდა კავშირი – ოთხი წლის წინ იქ საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა. სწორედ ჩინურ ინსტიტუტებთან მისი თანამშრომლობა შეიძლება ყოფილიყო ქვეყნიდან მისი წასვლის კიდევ ერთი მიზეზი: ტრამპის ადმინისტრაციამ ფედერალური მთავრობის მიერ კვლევითი გრანტების განაწილებისა და ზედამხედველობის მეთოდის რადიკალური რეფორმა წამოაყენა. ეს გულისხმობდა პოლიტიკური ნიშნით დანიშნული პირებისთვის დაფინანსების გადაწყვეტილებების მიღებაში მეტი უფლებამოსილების მინიჭებას. ამ წინადადებას, რომელიც რამდენიმე ჩინურ უნივერსიტეტთან სამეცნიერო თანამშრომლობას ზღუდავს, მიმდინარე წლის 13 ივლისის მონაცემებით, სამეცნიერო საზოგადოების 340,000-ზე მეტი საჯარო კომენტარი მოჰყვა.

 

სტატიის ავტორი: ტომაშ კარლიკი, ჩეხეთის ტელევიზია (CT Česká televize)

ფოტოს ავტორი: პედრო პარდო, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 17 ივლისი, 2026, 08:00 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი