ქეთი მელიქიძე - შესაცვლელია კულტურული და სოციალური ნორმები, რომელიც ბავშვის აღზრდისას ძალის გამოყენებას დასაშვებად მიიჩნევს
ქეთი მელიქიძე - შესაცვლელია კულტურული და სოციალური ნორმები, რომელიც ბავშვის აღზრდისას ძალის გამოყენებას დასაშვებად მიიჩნევს

სისტემას გამართვა სჭირდება, ასევე შესაცვლელია კულტურული და სოციალური ნორმები, რომელიც ბავშვის აღზრდისას ძალის გამოყენებას დასაშვებად მიიჩნევს, – ამის შესახებ „გაეროს ბავშვთა ფონდის“ სოციალური პროგრამის ხელმძღვანელმა, ქეთი მელიქიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ძალიან ბევრ ოჯახს უჭირს. საუბარია არა სიღარიბეზე, არამედ გარკვეული ტიპის ფუნქციურ დარღვევაზე, როდესაც ოჯახი, როგორც მწყობრი სოციუმის რაღაც ერთეული, კარგად ვერ მუშაობს.

„ამ შემთხვევაში, ძალიან ხშირად, ბავშვები იჩაგრებიან, რადგან ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი მაინც ბავშვებია და პრობლემების მთელი წნეხი, რომელიც ოჯახში ხდება, მათზე გადადის. ძალიან ხშირად ჩვენი სისტემები მაშინ ერთვებიან, როდესაც უკვე რაღაც ტრაგედია მოხდა, რაღაც პრობლემა ძალიან გამწვავდა, ძალიან იყვირა და საზოგადოებისთვის დასანახი გახდა“, – განაცხადა მელიქიძემ.

როგორც მელიქიძემ აღნიშნა, საქართველოში არ გვაქვს მომსახურება, რომელიც ოჯახს ნორმალურად ფუნქციონირებაში დაეხმარება. 

„მაგალითად, როდესაც ოჯახში ბავშვთა მიმართ ძალადობა ხდება, მშობელს უნდა მიეწოდოს აღზრდის სხვა მეთოდები, რათა გავაგებინოთ, რომ ძალადობა არც ერთ შემთხვევაში არ არის გამართლებული. ის არანაირად არ მოუტანს ბავშვს სიკეთეს, არც აწმყოში და არც მომავალში. არსებობს ალტერნატიული გზა, როგორ იურთიერთო ბავშვთან და აღზარდო როგორც ბედნიერი ახალგაზრდა და კარგი მოქალაქე“, – განაცხადა მელიქიძემ.

მელიქიძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოში სოციალურ სამსახურს ბევრი მიმართულებით უჭირს, კერძოდ, სოციალურ მუშაკს ძალიან ბევრი დამხმარე საშუალება სჭირდება, რომ თავისი ფუნქცია კარგად აღასრულოს.

„მას სჭირდება თუნდაც საშუალება, რომ ადამიანთან ერთი-ერთზე იურთიერთოს და რეალურად გაარკვიოს, რა არის მისი პრობლემა, როგორ დაუდგეს გვერდით და როგორ მიეხმაროს, რომ ნორმალურად იფუნქციონიროს. არ არის ტრანსპორტირების საშუალება. მას ასევე არ აქვს საშუალება, გარშემო შემოიკრიბოს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელთა გუნდი, რომლებიც ერთად დასხდებიან და ერთი კონკრეტული ბავშვის გარშემო იფიქრებენ, ვინ რა შეიძლება, გააკეთოს“, – განაცხადა ქეთი მელიქიძემ.