ქეთევან ციხელაშვლი რიგაში პარლამენტის მეგობართა ჯგუფის წევრებს შეხვდა
ქეთევან ციხელაშვლი რიგაში პარლამენტის მეგობართა ჯგუფის წევრებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ლატვიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის პირველ დღეს სახელმწიფო მინისტრმა პარლამენტის მეგობართა ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრა. დეტალურად მიმოიხილა სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც აქტიური იმპლემენტაციის პროცესშია.

„შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა ლატვიის სეიმის წევრებთან, საქართველოს მეგობრობის ჯგუფთან. გავუზიარეთ ის ინფორმაცია, რაც უკავშირდება მიმდინარე ოკუპაციისა და გადაუჭრელი კონფლიქტის პირობებში არსებულ უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ გამოწვევებს. ძალიან დიდი დაინტერესებაა, რა თქმა უნდა, რადგან ლატვია არის ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი, მტკიცე მხარდამჭერი. ლატვია ძალიან გვგულშემატკივრობს და გვეხმარება, რომ დავძლიოთ ეს პრობლემები. განსაკუთრებით ყურადღება გავამახვილე ჰუმანიტარულ საკითხებზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ვისაუბრეთ ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკაზე და საბოლოო ჯამში მთავარი გზავნილი ის გახლავთ, რომ ლატვია მომავალშიც აუცილებლად გააგრძელებს საქართველოს ძალიან მყარ მხარდაჭერას. აქ ამ ქვეყანაში და ამ რეგიონში ყველაზე კარგად ესმით რუსული საფრთხის ქვეშ ცხოვრება იმიტომ, რომ ჩვენ საერთო გვაქვს ისტორიის ის სამწუხარო ფურცლები, რომლებიც საბჭოთა წარსულს უკავშირდება. ეს არ არის ჩვენი ქვეყნების ხანგრძლივი ისტორიისთვის ყველაზე კარგი პერიოდი, მოგეხსენებათ. მათ კარგად ესმით ჩვენი წუხილი, მათ კარგად ესმით იმ ადამიანების წუხილი, რომლებიც კონფლიქტს ყოველდღე განიცდიან და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა მათი მხარდაჭერა. როგორც პოლიტიკური და ასევე სხვა პრაქტიკული თვალსაზრისით“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეხვედრაზე პარლამენტის მეგობართა ჯგუფის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ლატვიის რესპუბლიკის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. აგრეთვე, გამოთქვეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ საქართველოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკისა და სამშვიდობო ინიციატივების შეუფერხებლად განხორციელებას.