ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ბავშვი შესაძლოა, დღეს გათავისუფლდეს
ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ბავშვი შესაძლოა, დღეს გათავისუფლდეს

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ რუსი სამხედროების მიერ დაკავებულმა, სოფელ ჭვრინისის მცხოვრებმა მე-12 კლასელმა ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორია შესაძლოა, დღეს დატოვოს.

როგორც ციხელაშვილმა პირველ არხს განუცხადა, ცხელი ხაზი ამოქმედებულია და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მე-12 კლასის მოსწავლე ოჯახს დროულად დაუბრუნდეს.

„გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ვიყავით ხაზზე, ვგულისხმობ ცხელ ხაზს. ბავშვი კარგად არის. ველოდებით უკვე, რომ გათავისუფლდება. იმედი მაქვს, არანაირ შეფერხებას აღარ ექნება ადგილი. ის ფაქტი, რომ არასრულწლოვნის დაკავება მოხდა უკანონოდ, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა. ნებისმიერი უკანონო დაკავება ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით არის გაუმართლებელი, პროვოკაციული ქმედება და ძალიან ცუდი პრაქტიკა, რასაც ადგილი აქვს 10 წლის განმავლობაში.

ამ კონკრეტულ ინციდენტთან მიმართებაში ჩვენი ამოცანაა, რომ ბავშვი მალე დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში და შემდგომი ამოცანა, რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში არის, რომ ამგვარი პრაქტიკის აღსაკვეთად და აღმოსაფხვრელად გავაგრძელოთ ძალისხმევა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

რუსმა სამხედროებმა სოფელ ჭვრინისის მცხოვრები მე-12 კლასელი მოსწავლე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 30 ივნისს დააკავეს.