ქეთევან ციხელაშვილი - უკვე მეოთხედი საუკუნეა, ისევ გვაქვს დამოუკიდებლობა, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ
ქეთევან ციხელაშვილი - უკვე მეოთხედი საუკუნეა, ისევ გვაქვს დამოუკიდებლობა, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ

ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის არ დასრულებულა. ცხადია, არ დასრულდება, ვიდრე საქართველოს ტერიტორიების 1/5 არის ოკუპირებული, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

„საქართველოს ყველა მოქალაქეს მინდა მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. ეს არის თითოეული ჩვენი თანამოქალაქის მონაპოვარი. ეს არის დღე, რომლისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობისა, იბრძოლეს ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ. მაშინ მთელი შვიდი ათწლეულით შეაფერხა საბჭოთა იმპერიამ ჩვენი დამოუკიდებლობა, მაგრამ უკვე მეოთხედი საუკუნეა, ჩვენ ისევ გვაქვს დამოუკიდებლობა, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ.

ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის არ დასრულებულა. ცხადია, არ დასრულდება, ვიდრე საქართველოს ტერიტორიების 1/5 არის ოკუპირებული. ჩვენ ამ ბრძოლას ვაგრძელებთ. ვაგრძელებთ მშვიდობიანად, ვაგრძელებთ განვითარებით, ვაგრძელებთ პროგრესით და ამ ბრძოლას აუცილებლად გამარჯვებით დავასრულებთ.

დღეს მე ვიქნები ასევე ახალქალაქში, ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებთან. ასევე გვექნება განსაკუთრებული აღნიშვნა მარნეულში, ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებთან. მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობის ადამიანებს, საოკუპაციო ხაზის აქეთ თუ იქეთ, რომ თავისუფლება არის უდიდესი ღირებულება, უდიდესი მონაპოვარი და თითოეული მათგანის თავისუფლებას, რაც არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დავიცავთ და, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი დღე“,- განაცხადა ციხელაშვილმა.