ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა
ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში საბინე მახლის შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა გამყოფი ხაზისპირა სოფელ გუგუტიანთკარში შექმნილი ვითარება იყო. სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს გააცნო სოფელში ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე უკანონო მავთულხლართების გავლების პროცესი. ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც ამ ყველაფრის შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას ექმნება.

ქეთევან ციხელაშვილმა სტუმარს ახალუბნიდან გატაცებული რვა ახალგაზრდის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. ისაუბრა იმ სირთულეებზე, რომელთაც გამყოფი ხაზების პირას მცხოვრები მოსახლეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდება.

სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად მიმოიხილა სახელმწიფოს მიერ გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები, რომლებიც გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლების განვითარებისა და მოსახლეობის დახმარებისაკენაა მიმართული. საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას.

ქეთევან ციხელაშვილმა სტუმარს სამშვიდობო პროცესში გაერო-ს მიერ შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ამ მიმართულებით ჩართულობის გაძლიერებისა და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.