ქეთევან ციხელაშვილი - რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის მთავარი საკითხი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა და ოკუპაციის დასრულებაა
ქეთევან ციხელაშვილი - რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის მთავარი საკითხი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა და ოკუპაციის დასრულებაა

სივრცე, რომელშიც რუსეთის ფედერაციასთან ვსაუბრობთ, საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობითაა შედგენილი, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა ჟურნალისტების კითხვის პასუხად, რუსეთთან მოლაპარაკებების სივრცის შესახებ.

მისი თქმით, ქართული მხარე ღიაა. არსებობს რუსეთთან მოლაპარაკების სპეციალური ფორმატები – ჟენევის დისკუსიები, აბაშიძე-კარასინის ფორმატი. სხვა ფორმატი კი, ამ ეტაპზე არ განიხილება.

„10 წელია გვაქვს მოლაპარაკება რუსეთთან. მოლაპარაკებები თავისთავად არანაირად არ წარმოადგენს რამე ტიპის დათმობას ან არასწორ ნაბიჯს. ქართული მხარე ყოველთვის არის ღია. არსებობს ამისთვის სპეციალური ფორმატი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და დღის წესრიგი, თუ რაზე უნდა ვესაუბროთ რუსეთს. ასევე, არის აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რომელიც ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტებზე მუშაობს, მაგრამ მთავარი საკითხი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა და იმ პროცესის დასრულება, რასაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ჰქვია“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს არავისთან სურს კონფლიქტი, მათ შორის არც რუსეთთან კონფრონტაცია და მისი არჩევანი ურთიერთობის მშვიდობიანი მოგვარებაა. ურთიერთობების სრულად მოწესრიგების წინაპირობაა ერთმანეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა.

„არაფერი გამორიცხული არ არის, ჩვენ დღეს ვსაუბრობთ და ამის ფორმატი განსაზღვრულია. არანაირი სხვა ფორმატი ახლა არ განიხილება. სივრცე, რომელშიც ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთის ფედერაციასთან, საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობითაა შედგენილი, რათა ვისაუბროთ დისკუსიით, დიალოგით, მოვაგვაროთ მთავარი პრობლემა, რომელიც დღეს აქვს ჩვენს ქვეყანას, ევროპულ უსაფრთხოებას და ხელს უშლის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების სრულად ნორმალიზებას“, – აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.