ქეთევან ციხელაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტი და ევროპარლამენტი მუშაობენ რეზოლუციაზე საქართველოს მხარდაჭერისა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
ქეთევან ციხელაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტი და ევროპარლამენტი მუშაობენ რეზოლუციაზე საქართველოს მხარდაჭერისა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

ევროპარლამენტში ამ წუთებში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს.

შეხვედრის დაწყებამდე განსახილველი საკითხების შესახებ პირველ არხთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ისაუბრა.

„დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია იმ ვითარების განხილვა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა შექმნილი რუსეთის განგრძობადი ოკუპაციის პირობებში. ჩვენ ვისაუბრებთ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ გამოწვევებზე, რომლებიც ათასობით ადამიანისთვის ყოველდღიურად იქმნება“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი თემა იქნება არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი.

„მიმდინარეობს გამოძიება. პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია. ჩვენ გვაქვს ევროკავშირისა და პარტნიორების მყარი მხარდაჭერა, რათა ეს გამოძიება ეფექტიანად წარიმართოს, არ შეეშალოს მას ხელი და გამოიკვეთოს ის პირები, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა უმძიმეს დანაშაულში. ეს ყველაფერი მაჩვენებელია, რომ ადგილზე ვითარება არის რთული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა და სტაბილურობა. ამის მიღწევა შესაძლებელია კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის პირობებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტი და ევროპარლამენტი მუშაობს რეზოლუციაზე საქართველოს მხარდაჭერისა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.