ქეთევან ციხელაშვილი - ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის ნათესავებთან და ნაცნობებთან კომუნიკაცია გვაქვს
ქეთევან ციხელაშვილი - ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის ნათესავებთან და ნაცნობებთან კომუნიკაცია გვაქვს

სხვა არხებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის ნათესავებთან და ნაცნობებთან კომუნიკაცია გვაქვს – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

„არჩილ ტატუნაშვილთან ერთად 22 თებერვალს დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული არიან და ახალგორში საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებიან, მაგრამ გადმოსვლის საშუალება არ ეძლევათ. ამ ეტაპზე, მათთან კომუნიკაციის შესაძლებლობა შეზღუდულია. რა თქმა უნდა, სხვა არხებით მათ ნათესავებთან და ნაცნობებთან კომუნიკაცია გვაქვს. ცოტა ხნის წინ, პროცესში წითელი ჯვარიც ჩაერთო, რომელიც ცდილობს, თავისი მანდატი მაქსიმალურად გამოიყენოს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, აქვს თუ არა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს სარწმუნო ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილი ნაცემი იყო და თუ აქვს, რა წყაროებიდან, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული ინფორმაციის მიღების წყარო ყოველთვის ვერ სახელდება. მით უმეტეს, ისეთ ვითარებაში, როცა ადამიანთა უსაფრთხოება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში რეალურად უზრუნველყოფილი არ არის.

„აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, თუ ამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, თქვენთვის და თქვენი აუდიტორიისთვის გასაგები იქნება“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მინისტრის თქმით, გარემოებები, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზად სახელდება, წინააღმდეგობრივია.

„მოვისმინეთ ვერსიები, თითქოს, ის კიბეზე დაგორდა, შემდეგ სუნთქვის უკმარისობის სიმპტომები ჰქონდა, შემდეგ გულის შეტევა და დღეს საერთოდ რაღაც ახალი ითქვა, რომ მწვავე ფორმის გულის იშემიური დაავადება ჰქონდა, რასაც არც ოჯახი ადასტურებს და არც ჩვენ ხელთ არსებული მასალები“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, ფაქტები, რასაც ამ დღეების განმავლობაში ვაწყდებით, ოკუპაციის სახე, რეჟიმის პასუხისმგებლობაა, ხოლო საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა ამ ვითარებაში ისაა, რომ მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს.

„სრული დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე ეს ინსტრუმენტები გააქტიურებულია“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.