ქეთევან ციხელაშვილი - გიგა ოთხოზორიას შემზარავი მკვლელობა და ის ფაქტი, რომ მისი მკვლელი დღემდე დაუსჯელია, არის ოკუპაციის რეალური სახე
ქეთევან ციხელაშვილი - გიგა ოთხოზორიას შემზარავი მკვლელობა და ის ფაქტი, რომ მისი მკვლელი დღემდე დაუსჯელია, არის ოკუპაციის რეალური სახე

გიგა ოთხოზორიას შემზარავი მკვლელობა და ის ფაქტი, რომ მისი მკვლელი დღემდე დაუსჯელია, არის ოკუპაციის რეალური სახე, იმ სისასტიკისა და უსამართლობის, რამაც დავით ბაშარულის, არჩილ ტატუნაშვილის, ირაკლი კვარაცხელიასა და მანამდე უამრავი ჩვენი რჩეული ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

„დღეს ოთხი წელი გავიდა გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან, რამაც სრულიად საქართველო, თითოეული ჩვენგანი შეძრა. მისი შემზარავი მკვლელობა და ის ფაქტი, რომ მისი მკვლელი დღემდე დაუსჯელია, არის ოკუპაციის რეალური სახე, იმ სისასტიკისა და უსამართლობის, რამაც დავით ბაშარულის, არჩილ ტატუნაშვილის, ირაკლი კვარაცხელიასა და მანამდე უამრავი ჩვენი რჩეული ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენ არ ვაპირებთ მოვდუნდეთ და შევეგუოთ იმას, რომ დამნაშავე დაუსჯელი დარჩეს. ეს არის და იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი დღის წესრიგში, მოლაპარაკებების ყველა ფორმატში, ვიდრე ეს მიზანი არ იქნება მიღწეული. რთულია, რამით ანუგეშო მისი ოჯახის წევრები, დედა ქალბატონი ჯულიეტა, მისი მეუღლე ნინო და ძალიან ნიჭიერი და საყვარელი პატარები, ქეთი და აკაკი. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო თანაგრძნობა მათ მიმართ. მათ იციან, რომ გიგა არის გმირი და მქონდა პატივი მისი ოჯახისათვის საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გადამეცა მედალი სამოქალაქო თავდადებისთვის. იმისთვის, რომ აღარასოდეს განმეორდეს, აღარ დაობლდეს არც ერთი ოჯახი და მივაღწიოთ იმ მიზნებს, რასაც გიგა და არაერთი გმირი შეეწირა, აუცილებლად გავაგრძელებთ ძალისხმევას ოკუპაციის დასრულებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ქართულმა მართლმსაჯულებამ მას დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.