ქეთევან ციხელაშვილი - გადასასვლელი პუნქტები უნდა გაიხსნას დაუყოვნებლივ და ყოველგვარი წინაპირობების გარეშე
მინდა, ვისაუბრო საქართველოს მთავარ გამოწვევებზე, გადაუჭრელ კონფლიქტსა და მისი ტერიტორიების განგრძობად ოკუპაციაზე რუსეთის ფედერაციის მიერ, – ამის შესახებ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა.
სახელმწიფო მინისტრმა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მწვავე ჰუმანიტარულ კრიზისსა და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მზარდ ბორდერიზაციას.
„მინდა, დავიწყო იმით, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა გაყინულ კონფლიქტთან, ვითარება საერთოდ არ არის სტატიკური. ადგილზეა დინამიკა და ეს უარყოფითი დინამიკაა, როდესაც ეს ეხება უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარული კუთხით გართულებებს. ორივე ოკუპირებული რეგიონი, აფხაზეთიც და ცხინვალი/სამხრეთ ოსეთის რეგიონიც ძალიან იზოლირებული და მილიტარიზებულია. რუსი სამხედროების რიცხვი 10 ათასამდე გაიზარდა, როდესაც ორივე რეგიონი დაცლილია ადგილობრივი მოსახლეობისგან 70-80 პროცენტით. უმრავლესობა, 300 ათასი ქართველი, როგორც თქვენ იცით, განდევნილია და მათ კვლავ არ აქვთ წვდომა საკუთარ სახლებთან, იმ დროს, როდესაც სხვები ცხოვრობენ კეთილდღეობის გარეშე, საშინელ გარემოში.
წარმოიდგინეთ, 130 სამხედრო წვრთნა ტარდება ყოველწლიურად ამ ტერიტორიებზე, რომელმაც ისინი, განსაკუთრებით კი „სამხრეთ ოსეთის“ დაახლოებით 20 ათასიანი მოსახლეობა, გაფართოებულ სამხედრო ბაზად აქცია“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
ქეთევან ციხელაშვილმა ასევე ისაუბრა ასევე ოფიციალურ მოსკოვსა და მარიონეტულ რეჟიმებს შორის გაფორმებულ უკანონო, „სამოკავშირეო“ ხელშეკრულებებზე და დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ საერთაშორისო მონიტორინგის მისიისთვის ხელის შეშლის მცდელობებზე.
„არსებობს 100-ზე მეტი ე.წ. შეთანხმება მოსკოვსა და დე ფაქტო ხელისუფლებებს შორის, რომელთაც, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ქმედითუნარიანი არ არის. თუმცა, ისინი მხარს უჭერენ რუსეთის სრულ და ექსკლუზიური კონტროლს ცხოვრების ყველა ასპექტში.
ამავდროულად, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებისთვის წვდომა კვლავ უარყოფილია, რუსეთის ვალდებულებებთან ერთად, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აქვს ნაკისრი.
ჟენევის მოლაპარაკებების 50 რაუნდის განმავლობაში არის მცდელობა ამ საკითხის წინ წასაწევად, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, როგორიცაა ძალის გამოუყენებლობა, რომელიც რუსეთის მხრიდან, კვლავ განხილვის პროცესშია და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხი.
ამ სირთულეების მიუხედავად, ჩვენ კვლავ ერთგული ვართ იმ შესაძლებლობების აღმოჩენისთვის, რომელმაც შეიძლება მოიტანოს პროგრესი, რომელიმე მიმართულებით“, – აღნიშნავს ციხელაშვილი.
სახელმწიფო მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ევროკავშირს მონიტორინგის მისიისთვის, რომელსაც, მისი თქმით, სპეციფიკური, უნიკალური და ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია ადგილზე.
ქეთევან ციხელაშვილმა ასევე გაიხსენა გასული წლის შემოდგომაზე მომხდარი ინციდენტი.
„გასული წლის 24 ოქტომბერს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის „კაგებემ“ ღიად განაცხადა ევროკავშირის მონიტორების დაკავების შესახებ და გამოაქვეყნა გაფრთხილება პატრულირების შესახებ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს. ეს ტერიტორია ბოლო თვეებში გახდა ძალიან საგანგაშო „ბორდერიზაციის“ მცდელობის ადგილი . იქ რაც ხდება, ეს არის მისწრაფება, გადმოვიდნენ უფრო ღრმად საოკუპაციო ხაზს შიგნით, მოიპოვონ კონტროლი ტერიტორიების დიდ სეგმენტზე, რომელიც ამჟამად ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაშია. ოკუპაციის რეჟიმს არ ერიდება ულტიმატუმების უხეშ ენას, მოითხოვენ საქართველოს პოლიციის პოსტები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოიხსნას და რაც მთავარი და ყველაზე დრამატულია, ისინი მძევლად იყვანენ სამოქალაქო პირებს, ყველაზე მოწყვლად მოსახლეობას, რათა მიაღწიონ ამ არალეგიტიმურ მიზნებს“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.
ქეთევან ციხელაშვილის თქმით, უკვე ხუთი თვეა, რაც ერთადერთი გადასასვლელი პუნქტი, რომელიც აკავშირებს ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონს დანარჩენს საქართველოსთან, სრულად დახურულია. ამას ყველაზე მძიმედ ახალგორის მოსახლეობა განიცდის, რომელიც სრულ იზოლაციაში და ჰუმანიტარულ კრიზისშია.
„საკონტროლო-გამშვები პუნქტები უნდა გაიხსნას დაუყოვნებლივ და ყოველგვარი წინაპირობების გარეშე“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.
ქეთევან ციხელაშვილმა ისაუბრა სოფელ გუგუტიანთკარში რკინის ღობეების მშენებლობის განახლებაზე და აღნიშნა, რომ 2018-2019 წლებში 6-ჯერ მეტი ადამიანი დააკავეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე შემოსვლისა და გასვლის მცდელობისას.
მინისტრმა ისაუბრა ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე, ასევე გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, დავით ბაშარულისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობებზე და აღნიშნა, რომ დამნაშავეები ამ დრომდე დაუსჯელი არიან. მან ასევე აღნიშნა, რომ გალის რაიონში მცხოვრები მოქალაქეები ეთნიკური დისკრიმინაციის მსხვერპლი არიან და მათი ფუნდამენტური უფლებები ირღვევა.