ქეთევან ციხელაშვილი და მაია ცქიტიშვილი პანკისში უხუცესებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ
ქეთევან ციხელაშვილი და მაია ცქიტიშვილი პანკისში უხუცესებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ

პანკისის ხეობაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი სოფელ ომალოს მოსახლეობას შეხვდნენ.

ადგილობრივებმა სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მოწყობაზე, ხეობაში სასწრაფო დახმარების მანქანის დანიშვნასა და სპორტული და კულტურული ობიექტების მშენებლობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

დღესვე უწყებების პირველი პირებმა პანკისის უხუცესებთან გამართეს შეხვედრა. მთავარი საკითხი, რაზეც მინისტრებთან უხუცესებმა ისაუბრეს, პანკისსა და თუშეთს შორის დამაკავშირებელი 254-კილომეტრიანი გზის მშენებლობას შეეხო. უხუცესები პანკისიდან თუშეთის მიმართულებით გზის მშენებლობას ხეობის ჩიხიდან გამოსვლის და ტურისტული პოტენციალის ამაღლების საშუალებად მიიჩნევენ.

აღნიშნულის პასუხად ინფრასტრუქტურის მინისტრმა განმარტა, რომ სამუშაოები არ შეწყვეტილა.

,,ჩვენ არ შეგვიჩერებია მუშაობა და აქტიურად ვართ ჩართული, რომ გამოვიყვანოთ გზა, რომელიც სნოს, პანკისის და თუშეთის ხეობებს ერთმანეთთან დააკავშირებს. საუბარია გზაზე, რომელიც რთულ რელიეფს გაივლის და უღელტეხილი გვაქვს გადასალახი. არის ტექნიკური სირთულეები და მარტივი პროექტი არ არის. ჩვენი ინტერესია, სნოდან თუშეთამდე მოხდეს მთის გზის მშენებლობა, გზის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით და ის უნდა შეესაბამებოდეს გარემოს დაცვით სტანდარტებიც იყოს გათვალისწინებული”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა, რომელმაც უხუცესებს მთების ცოდნის კუთხით გამოცდილების გაზიარება სთხოვა.

უხუცესებმა ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის პროფესიული განათლების მიღების მიზნით, ხეობაში პროფსასწავლებლების გახსნის საკითხზეც ისაუბრეს.