ქეთევან ციხელაშვილი - ცხინვალიდან ყოველდღე ისმის სხვადასხვა სახის პროვოკაციული განცხადებები, რაც არის დეზინფორმაცია
ქეთევან ციხელაშვილი - ცხინვალიდან ყოველდღე ისმის სხვადასხვა სახის პროვოკაციული განცხადებები, რაც არის დეზინფორმაცია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ცხინვალიდან ყოველდღე ისმის სხვადასხვა სახის პროვოკაციული განცხადებები, რაც არის დეზინფორმაცია.

სახელმწიფო მინისტრმა კომენტარი გააკეთა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, „​წნელისის მიმართულებით 29 მაისს ვერტმფრენმა გადაიფრინა და ანალოგიური შემთხვევა 28 მაისსაც დაფიქსირდა ახალგორთან“. მათივე თქმით, „აღნიშნულის შესახებ არ იყვნენ გაფრთხილებული საქართველოსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ და ამას აფასებენ, როგორც პროვოკაციულ ქმედებებს ავიაციის გამოყენებით“.

„ფაქტი ჯიუტია, ფაქტი არის ის, რომ მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას, ეს არის მთავარი გამოწვევა და სწორედ ამ კრიზისის ფონზე, ამ კრიზისის გამოყენებით რუსეთის ფედერაცია აგრძელებს უკანონო მოქმედებებს, რომლებსაც არასამართლებრივი და არაჰუმანური სახე აქვს.

ამასთან ერთად, ცხინვალიდან ყოველდღე გვესმის სხვადასხვა სახის პროვოკაციული განცხადებები, რომელიც არის დეზინფორმაცია.

ძალიან კამპანიური ხასიათის არის უკვე ლუგარის ლაბორატორიაზე შეტევა. ძალიან შემაშფოთებელია, ყველაფერი ერთად, დეზინფორმაციის კამპანია, შეტევები ლუგარზე, ბორდერიზაცია და ამათან ერთად, ძალიან მკვახე და პროვოკაციული განცხადებები, რომელიც პირიქით, ადანაშაულებს მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელსაც თავად არ ეძლევა საოკუპაციო ხაზს მიღმა შესვლის შესაძლებლობა, რაც არის მის მანდატში.

ეს ყველაფერი ემსახურება დაძაბულობას. აშკარაა, რომ ეს არის ასევე ზეწოლა ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მთლიანად, სახელმწიფოზე. შესაძლებელია, ეს არის მცდელობა, რომ კრიზისი გამოყენებული იყოს მათი არალეგიტიმური ინტერესების გატარებისთვის. რუსეთის ფედერაცია თუ თავად არ ქმნის, იყენებს ხოლმე არსებულ კრიზისებს. სრულიად გაუგონარია, რომ ასეთი კრიზისის დროსაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო ერთად უნდა იყოს, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ამგვარ მოქმედებებს“, – აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.