ქეთევან ციხელაშვილი - აშშ-ის მხარდაჭერა არის ურყევი და ჩვენ მივდივართ სწორი კურსით
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ში მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი არის ორპარტიული, რაც ნიშნავს, რომ პოლიტიკური სპექტრი არის ერთსულოვანი საქართველოს მხარდაჭერაში.
„ეს არის საქართველოს მიმართ ამერიკელი ხალხის ძალიან მკაფიო, ძალიან ქმედითი გზავნილი. პირველ რიგში, ცხადია, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და გმობს რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს და მიმდინარე ოკუპაციას. ყველა იმ ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს, რომელიც მას თავად აქვს აღებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით და მათ შორის, დევნილების დაბრუნების საკითხს. ცხადია, აშშ ამას ძალიან ხაზგასმით უჭერს მხარს. ცალკე აქვს მინიშნება იმაზე, რომ სრულიად უჭერს მხარს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სამომავლო ნაბიჯების ეფექტურობისა და წარმატებისათვის“, – აცხადებს ციხელაშვილი.
მინისტრის თქმით, ძალიან საყურადღებოა კიბერუსაფრთხოება, რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა და ის, აშშ რომ სანქციების ნაწილში მოიაზრებს იმ პირებს ან პირთა მხარდამჭერებს, რომლებსაც ბრალი ედებათ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში და მათ შორის ადამიანთა სიცოცხლის ხელყოფაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„მეორედ ხდება ასეთი აქტის მიღება, თუმცა თანასპონსორების რაოდენობა არის გაზრდილი, რაც მიანიშნებს იმას, რომ დიახ, საქართველო აქტუალურია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისათვის, მისი ამ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა არის ურყევი და ჩვენ მივდივართ სწორი გზით და სწორი კურსით.
კიდევ ერთხელ, აშშ-ს მადლობას ვუხდი როგორც საქართველოს მთავრობის წევრი, როგორც მინისტრი, რომელიც ჩართულია ოკუპაციისა და მისგან გამომდინარე მძიმე შედეგების განეიტრალებაში და მასთან დაპირისპირებაში და ვფიქრობ, რომ ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკისთვის, ეს მხარდაჭერა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.