ქეთევან ციხელაშვილი - არჩილ ტატუნაშვილი დღეს 37 წლის გახდებოდა, გვახსოვს და მუდამ გვემახსოვრება მისი თავგანწირვისა და გმირობის ამბავი
ქეთევან ციხელაშვილი - არჩილ ტატუნაშვილი დღეს 37 წლის გახდებოდა, გვახსოვს და მუდამ გვემახსოვრება მისი თავგანწირვისა და გმირობის ამბავი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, დღემდე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები, დამნაშავეები არიან დაუსჯელნი, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სამართლებრივ სივრცეში მისჯილი აქვთ შესაბამისი სასჯელი.

„დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა, ის 37 წლის გახდებოდა, გვახსოვს და მუდამ გვემახსოვრება მისი თავგანწირვისა და გმირობის ამბავი. მისი სიცოცხლე, ყველაზე ძვირფასი, რაც ადამიანს გააჩნია, მან დათმო ფაქტობრივად სამშობლოსთვის და ღირსებისთვის ბრძოლაში. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ცხინვალში ეს ახალგაზრდა კაცი სასტიკი წამებით რეჟიმმა ფაქტობრივად მოკლა და დღემდე მისი მკვლელები, დამნაშავეები არიან დაუსჯელნი, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სამართლებრივ სივრცეში მისჯილი აქვთ შესაბამისი სასჯელი. ეს არის კიდევ ერთი ძალიან სასტიკი და ტრაგიკული მაგალითიც და შეხსენებაც იმისა, თუ რასთან გვაქვს საქმე.

ალბათ, დღეს აი ამ რთულ პერიოდში ყველამ კიდევ ერთხელ უნდა გავაცნობიეროთ, რომ არ არსებობს ადამიანის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე უფრო მაღალი ღირებულება. დაუშვებელია ის, რომ ადამიანები იყვნენ ტყვეობაში რეჟიმის მაშინ, როდესაც სიცოცხლესა და ჯანმრთელობა ემუქრება საფრთხე.

დღეს მაინც, მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ გარკვეული გონივრული ნაბიჯები გადაიდგმება და აღარ დავუშვებთ მსხვერპლს ახალგაზრდების, მოხუცებისა თუ ბავშვების, რომელთაც სჭირდებათ დახმარება, სჭირდებათ გამკლავება თუნდაც პანდემიასთან, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის და ჩვენ გვექნება ამის შესაძლებლობა, ხელოვნური ბარიკადები, დაუნდობელი შეზღუდვები თუ რეჟიმი არ გახდება დაბრკოლება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.