ქეთევან ციხელაშვილი - არ ვაპირებთ ჩვენი მოსახლეობის მიტოვებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მსოფლიო პანდემიასთან გამკლავებისას
ქეთევან ციხელაშვილი - არ ვაპირებთ ჩვენი მოსახლეობის მიტოვებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მსოფლიო პანდემიასთან გამკლავებისას

არ ვაპირებთ ჩვენი მოსახლეობის მიტოვებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ამ ძალიან სერიოზულ გამოწვევასთან, მსოფლიო პანდემიასთან გამკლავებისას, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, სახელმწიფო იყენებს ყველა საკომუნიკაციო არხს, რათა ორივე ოკუპირებულ რეგიონში მოსახლეობა ინფორმირებული იყოს, თუ რა ზომებს უნდა მიმართონ თავის დასაცავად. ასევე, სახელმწიფო მზად არის, დაეხმაროს მოსახლეობას დიაგნოსტიკისა და მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამკურნალო სერვისებით.

„საუბედუროდ, იცით, რომ ოკუპაციისა და გადაადგილების შეზღუდვის გამო, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობებს, რომ იქ გავატაროთ ისეთი ღონისძიებები, რასაც ვატარებთ საქართველოს დანარჩენ რეგიონებში. იცით, რომ შესაძლებლობების დეცენტრალიზება ხდება დედაქალაქს მიღმაც. მიუხედავად ამ შეზღუდვებისა, წლებია, ჩვენ ჯანდაცვის სერვისებს ვავრცელებთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობაზე, გარკვეული სამედიცინო საშუალებებით ადგილზე ვეხმარებით, ხოლო უფასო სამედიცინო სერვისებზე წვდომა აქვს ჩვენ მოსახლეობას და არც ეს იქნება გამონაკლისი.

მინდა გითხრათ, რომ ძალიან ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობთ ეს დღეებია, ყველა საკომუნიკაციო არხის გამოყენებით, ასევე ჩვენ პარტნიორებთან თანამშრომლობით, რათა გავატაროთ უფრო კონკრეტულად აფხაზეთის მიმართულებით გარკვეული საპრევენციო ღონისძიებები, ასევე ორივე რეგიონში მოსახლეობა იყოს მეტად ინფორმირებული, თუ რა ზომებს უნდა მიმართონ იმისთვის, რომ თავი დაიცვან. ასევე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ დავეხმაროთ მოსახლეობას დიაგნოსტიკის და მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამკურნალო სერვისებით“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, დღეს არის მობილიზაციის დრო.

„მინდა, მოვუწოდო მათაც და ყველას, განსაკუთრებით ჩვენს საზოგადოებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც ვითარება არ არის კონტროლირებადი, ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ რუსეთ-საქართველოს საზღვრის იმ მონაკვეთებს, რომლებიც ახლა გახლავთ ოკუპირებული და ამიტომ, ცხადია ძალიან რთულია იქ ანალოგიური ღონისძიებების გატარება, თუნდაც სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით. მაგრამ გარკვეულ შესაძლებლობებს რა თქმა უნდა ვეძებთ. ჩვენ მზად ვართ და ხაზგასმით ვამბობ ამას კიდევ ერთხელ, დღესაც მუშაობაც მიდის და გარკვეული ღონისძიებებიც იმისთვის, რომ მოსახლეობას დავეხმაროთ და გვინდა მათ იცოდნენ, არ იგრძნონ არც ერთი წუთით რომ საქართველოს სახელმწიფო დატოვებს მათ. კიდევ ერთხელ, მთავარი არის ის, რომ მთლიანად საქართველოს მასშტაბით საპრევენციო ღონისძიებები იყოს მაქსიმალურად ეფექტურად გატარებული“, – განაცხადა მინისტრმა.