ქეთევან ციხელაშვილი - ამ მავთულხლართების უკან ძალიან მძიმე პირობებია, გვჭირდება განვითარება, ამ ხალხის დახმარება, ჩვენს საზოგადოებებთან ხიდების მშენებლობა
ქეთევან ციხელაშვილი - ამ მავთულხლართების უკან ძალიან მძიმე პირობებია, გვჭირდება განვითარება, ამ ხალხის დახმარება, ჩვენს საზოგადოებებთან ხიდების მშენებლობა

სოფელ გუგუტიანთკარში ელჩებთან, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელბთან ერთად ვიმყოფებით, რათა საკუთარი თვალით ნახონ, რა ხდება ქართულ სოფლებში, ამჯერად გუგუთიანთკარში, რა ზომებს მიმართავს საოკუპაციო რეჟიმი და როგორ არის ეს პირდაპირ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

ამასთან, სახელმწიფო მინისტრის თქმით, ამის მიზანია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევის მობილიზება საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე უკანონო პროცესთან დაკავშირებით.

„ეს დიპლომატიური ერთ-ერთი ბერკეტია და ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი პარტნიროები, მათი ქვეყნები იყვნენ ინფორმირებული და მისცენ შესაბამისი რეაგირება, რათა ზეწოლა გაიზარდოს რუსეთზე. ასეთი აბსოლუტურად უკანონო და აბსურდული მოქმედებები, რომელიც ადამიანების წინააღმდეგ არის მიმართული, შეკავდეს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

როგორც სახელმწიფო მინისტრი განმარტავს, ეს არ არის ერთადერთი ინსტრუმენტი.

„ხშირად ვამბობ, რომ ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ და გვესმის, რომ ოკუპაციის პირობებში ისეთ მექანიზმებზე ვსაუბრობთ, როგორიც არის მოლაპარაკებები, გარკვეული პირდაპირი არხები, ჩვენი პარტნიორები, მათთან კომუნიკაცია, ჟენევის ფორმატი, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია,  ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის კურსიდან არ გადავუხვიოთ, რადგან ეს მუშაობს. პირველი და მნიშვნელოვანი არის, რომ ამ ადამიანებს დავუდგეთ გვერდით. ხუთი წელია, სახელმწიფო ახორციელებს სპეციალურ პროგრამას ყველა სოფლისთვის, რომელიც გამყოფ ხაზებთან მდებარეობს, მაგრამ აქ არიან ადამიანები, რომლებსაც შეიძლება, ეს კონკრეტულად და პირადად შეეხოთ. რა თქმა უნდა, მათთან ცალკე განვსაზღვრავთ, რა ფორმებით დავეხმაროთ ისე, რომ დავამაგროთ საკუთარ მიწაზე მთლიანად სოფელი. ახლა მოსახლეეობასთან სწორედ ამაზე ვსაუბრობდი, ასევე, სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც გათვლილია მავთულხლართებისა და ამ ღობეების მიუხედავად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ურთიერთობების აღდგენაზე“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, გაყოფილ მოსახლეობას შორის კონტაქტები გაზრდილია.

„მეშვიდე წელია, ამ სფეროში და აპარატში ვმუშაობ. დღეს არის უპრეცედენტოდ მაღალი, გახშირებული ასეთი კონტაქტები, დიალოგი. დამერწმუნეთ, ამ მავთულხლართების უკან ძალიან მძიმე პირობებია, ფაქტობრივად სამხედრო გეტოდ არის ქცეული, მოსახლეობისგან დაცლილი ცხინვალის რეგიონი. 20 პროცენტამდე არის დარჩენილი მოსახლეობისა, რომელიც ცხოვრობდა კონფლიქტამდე. ამიტომ საჭიროებაც მაღალია, ურთიერთობაც არსებობს. ეს მავთულხლართები, როგორც აქ ურტყამს ამ საზოგადოებას, ექსვჯერ მეტი ადამიანი დააკავეს წინა წელს ოკუპირებული ტერიტორიიდან, როდესაც ისინი ცდილობდნენ გადმოელახათ მავთულხლართები“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მისი თქმით, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების კურსი მომავაშიც გაგრძლედება და ეს ურყევია.

„მხოლოდ განვითარებით უნდა ვუპასუხოთ. დღეს ყველას ემოციები გვაქვს, რა თქმა უნდა, რადგან მძიმეა ამის ყურება, მაგრამ ხშირად ვამბობ, რომ ჩვენი პოლიტიკა არის პრინციპული, რაციონალური, ერთი მთავარი კითხვიდან გამომდინარე – ყველა ჩვენი მოქმედება უნდა იყო ამ კითხვით მოტივირებული, რას მოუტანს, ეს ჩვენს ქვეყანას? თუნდაც პირობითი იყოს ეს მავთულხლართების პირობებში, გვჭირდება განვითარება, ამ ხალხის დახმარება, ჩვენს საზოგადოებებთან ხიდების მშენებლობა, რა თქმა უნდა, დეოკუპაციის ძალიან მტკიცე სტრატეგიასთან ერთად“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის რკინის ბოძების მონტაჟი გუშინ დილიდან კვალავ განაახლეს. მათ მიერ წინა დღეებში დამონტაჟებულ რკინის ბოძებზე უკვე გავლებულია რკინის ღობე. ღობის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ორი საცხოვრებელი სახლი. ამასთან, დღეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ადგილზე სამუშაოები არ განუახლებიათ.