ქეთევან ჩუთლაშვილი - მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადება დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა
ქეთევან ჩუთლაშვილი - მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადება დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (ECM) იურისტი ქეთევან ჩუთლაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის დაბარება ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციებზე გაკეთებულ ერთ-ერთ განცხადებას უკავშირდება.

როგორც მან სუს-თან ჟურნალისტებს განუცხადა, მაჩალიკაშვილი დაბარებულია კონტრტერორისტულ ცენტრში, მოწმის სტატუსით.

„ჩვენი ინფორმაციით, მისი დღევანდელი დაკითხვა უკავშირდება ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციებზე გაკეთებულ ერთ-ერთ განცხადებას. ამ განცხადებასთან დაკავშირებით და ზოგადად, გამოძიების მიმდინარეობაზე ჩვენი პოზიციაა, რომ თვითონ მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებაში დანაშაულის ნიშნები არ ჩანდა. ბუნებრივია, ვფიქრობთ, რომ გამოძიების დაწყება და შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაც აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. ეს იყო ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადება“, – განაცხადა იურისტმა.

ქეთევან ჩუთლაშვილის ინფორმაციით, მათთვის ისიც კი არ არის ცნობილი, სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით არის გამოძიება დაწყებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

„ამ დრომდე არ მიგვიღია ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ მედიაში გამოძიების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე მივმართეთ საგამოძიებო ორგანოს და მოვითხოვეთ, განემარტათ სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით გათვალისწინებულ ფაქტზე მიმდინარეობდა გამოძიება. თუმცა, ამის შესახებ განმარტება არ გაუკეთებიათ“, – აცხადებს იურისტი.

მისი შეფასებით, სამართლებრივად არ იქნება სწორი, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ვინაიდან მისი განცხადება დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორც სუს-ში აღნიშნეს, მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე სისხლის სამართლის კოდექსის 18-323-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში არის დაბარებული. როგორც სუს-ში განმარტეს, საქმე ეხება 2018 წლის 31 მაისს, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ის შეფიცულებთან ერთად, სუს-თან მისვლას და თავის აფეთქებას გეგმავდა.