ქეროლაინ ლივიტი - დონალდ ტრამპი და ბენიამინ ნეთანიაჰუ შეხვედრისას განიხილავენ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და მძევლების გათავისუფლების შესაძლებლობას
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეხვედრისას განიხილავენ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და მძევლების გათავისუფლების შესაძლებლობას, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღაზაში ომის დასრულება, ისევე როგორც ყველა მძევლის სახლში დაბრუნება, ამჟამად დონალდ ტრამპის პრიორიტეტია.
„ისრაელის მიერ მხარდაჭერილი შეთანხმების წინადადება „ჰამასს“ გაეგზავნა და ვიმედოვნებთ, რომ ისინი ამ წინადადებას დაეთანხმებიან. გვინდა ყველა მძევლის გათავისუფლება. ეს პრეზიდენტის მთავარი საზრუნავია“, – აღნიშნავს ლივიტი.
ამასთან, მისივე თქმით, ღაზის სექტორში ხალხი „ყვირის: მადლობა, ტრამპ“ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესახებ განაცხადა.
ირანთან შეთანხმების სამომავლო პერსპექტივების შესახებ კითხვაზე ლივიტმა განაცხადა: „რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ყოველთვის არის დაინტერესებული მშვიდობითა და დიპლომატიით. ადმინისტრაცია განაგრძობს კონტაქტს ირანელებთან როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ შეთანხმებისთვის“.