ქეით ფიერონი - გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვა განსაკუთრებულ სირთულეებს უქმნის ახალგორის მცხოვრებლებს, რაც უფრო გაამწვავა რუსეთის მიერ დაწესებულმა საბაჟო ბარიერებმა
ქეით ფიერონი - გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვა განსაკუთრებულ სირთულეებს უქმნის ახალგორის მცხოვრებლებს, რაც უფრო გაამწვავა რუსეთის მიერ დაწესებულმა საბაჟო ბარიერებმა

კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის, რომელიც ცხოვრობს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიღმა, ვითარება ძალიან რთულია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ქეით ფიერონმა განუცხადა.

„პატრულირებისას ჩვენ ადგილობრივ მცხოვრებლებს ყოველდღიურად ვესაუბრებით. ვცდილობთ, დავინახოთ, თუ რა გავლენას ახდენს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. რაც შეეხება კონკრეტულად ჩორჩანა-წნელისის რაიონს, ეს არის სწორედ ის ადგილი, რომელსაც აქტიურად ვაკვირდებით და ვპატრულირებთ დღისით და ღამით. გასულ შემოდგომასთან შედარებით, ახლა ვითარება უფრო მშვიდია, თუმცა ჩვენ კვლავ ყურადღებით ვართ. მიგვაჩნია და ამას მტკიცედ ვუჭერთ მხარს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და თბილისის ადმინისტრირებულ ტერიტორიას შორის ყველა გადასასვლელი პუნქტი უნდა იყოს ღია ყოველდღიურად.

ამ პუნქტების დახურვა ადამიანებს გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავს. იმ ადამიანებისგან, ვინც ამ გადასასვლელ პუნქტებს კვეთს, ვიცით, რომ ისინი სირთულეებს განიცდიან მაღაზიაში პროდუქტების, ასევე მედიკამენტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. როდესაც ბოლო პერიოდში ოძისის გადასასვლელი დროებით გაიხსნა, გადმოსული პირებისგან შევიტყვეთ, რომ სწორედ მედიკამენტებია ის, რის მომარაგებასაც ისინი ცდილობენ, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში“, – აღნიშნა ქეით ფიერონმა.

მისივე თქმით, გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვა განსაკუთრებულ სირთულეებს უქმნის ახალგორში მცხოვრებ ადამიანებს. ეს საკითხი კიდევ უფრო გაამწვავა ჩრდილოეთიდან, რუსეთის ფედერაციის მიერ დაწესებულმა საბაჟო ბარიერებმა.

„ასე რომ, ეს ორი ფაქტორი გაერთიანდა, რამაც ახალგორსა და მის მიმდებარე რაიონებში, ასევე ადმინისტრაციულ გამყოფი ხაზის სიახლოვეს ვითარება კიდევ უფრო გაართულა. ვცდილობთ, მონიტორინგის შედეგად დავადგინოთ ფაქტები და ეს ინფორმაცია გადავცეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს, ბრიუსელში ჩვენ პოლიტიკურ ზემდგომებს“, – განაცხადა ქეით ფიერონმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.