რუსეთის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისთვის ამოქმედებული ახალი საბაჟო წესების გამო შექმნილმა სასურსათო დეფიციტმა, ოკუპირებულ რეგიონში ისედაც რთული ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ქეით ფიერონმა განაცხადა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედმა ხელმძღვანელმა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრების განახლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ქეით ფიერონი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობას 2020 წლის იანვრიდან ასრულებს. მანამდე იგი მისიის ხელმძღვანელის მოადგილე და შტაბის უფროსი იყო.
უკვე ყოფილ ხელმძღვანელ ერიკ ჰოგს მანდატის ვადა ამოეწურა. 11 თებერვალს ევროკავშირის საბჭომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელად მარეკ შჩიგელი დანიშნა. პოლონელი დიპლომატი საქართველოში მარტში ჩამოვა.
როგორ შეაფასებდით ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ შექმნილ ვითარებას, ჩორჩანა-წნელისის რაიონის გათვალისწინებით?
– ვფიქრობ, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის, რომელიც ცხოვრობს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გადაღმა, სიტუაცია ძალიან რთულია. პატრულირებისას ჩვენ ადგილობრივ მცხოვრებლებს ყოველდღიურად ვესაუბრებით. ვცდილობთ, დავინახოთ თუ რა გავლენას ახდენს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. რაც შეეხება კონკრეტულად ჩორჩანა-წნელისის რაიონს, ეს არის სწორედ ის ადგილი, რომელსაც აქტიურად ვაკვირდებით და ვპატრულირებთ დღისით და ღამით. გასულ შემოდგომასთან შედარებით, ახლა ვითარება უფრო მშვიდია, თუმცა ჩვენ კვლავ ყურადღებით ვართ.
მედიაში გავრცელებული ბოლო ცნობების თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში სასურსათო პროდუქტების დეფიციტია, რაც რუსული მხარის მიერ ამოქმედებულ ახალ საბაჟო წესებს უკავშირდება. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცხინვალში აფთიაქებიდან ამოღებულია ქართული წარმოების მედიკამენტები. ფლობს თუ არა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ამაზე დამატებით ინფორმაციას ან ხომ არ წამოწეულა ეს საკითხი მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით?
– მიგვაჩნია და ამას მტკიცედ ვუჭერთ მხარს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და თბილისის ადმინისტრირებულ ტერიტორიას შორის ყველა გადასასვლელი პუნქტი უნდა იყოს ღია ყოველდღიურად. ამ პუნქტების დახურვა ადამიანებს გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავს. იმ ადამიანებისგან, ვინც ამ გადასასვლელ პუნქტებს კვეთს, ვიცით, რომ ისინი სირთულეებს განიცდიან მაღაზიაში პროდუქტების, ასევე მედიკამენტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. როდესაც ბოლო პერიოდში ოძისის გადასასვლელი დროებით გაიხსნა, გადმოსული პირებისგან შევიტყვეთ, რომ სწორედ მედიკამენტებია ის, რის მომარაგებასაც ისინი ცდილობენ, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვა განსაკუთრებულ სირთულეებს უქმნის ახალგორში მცხოვრებ ადამიანებს. ეს საკითხი კიდევ უფრო გაამწვავა ჩრდილოეთიდან, რუსეთის ფედერაციის მიერ დაწესებულმა საბაჟო ბარიერებმა. ასე რომ, ეს ორი ფაქტორი გაერთიანდა, რამაც ახალგორსა და მის მიმდებარე რაიონებში, ასევე ადმინისტრაციულ გამყოფი ხაზის სიახლოვეს ვითარება კიდევ უფრო გაართულა. ვცდილობთ, მონიტორინგის შედეგად დავადგინოთ ფაქტები და ეს ინფორმაცია გადავცეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს, ბრიუსელში ჩვენს პოლიტიკურ ზემდგომებს.
რამდენიმე დღის წინ ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ეუთო-ს თავმჯდომარეობს, სერგეი ლავროვთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების მნიშვნელობას. არსებობს თუ არა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების განახლების რამე ნიშნები?
– ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების განახლება არის ის საკითხი, რასაც გასული წლის შემდეგ მუდმივად მხარს ვუჭერთ და ვითხოვთ პირადად მე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ეუთო. ჩვენ და ყველა მონაწილე მხარემ იცის, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმს შედეგების მიღწევა შეუძლია. ერთადერთი გზა მოლაპარაკებების მაგიდასთან შეკრება, ინფორმაციის გაზიარება და იდეების ერთად შემუშავებაა. ასე რომ, ეს არის ის, რის მხარდაჭერასა და დაცვას ჩვენ განვაგრძობთ დღეს აქ, თქვენთან, ასევე კულისებს მიღმა. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას, რათა მხარეების მოლაპარაკებების მაგიდის გარშემო შეკრება ვცადოთ.
უკვე ორი თვეა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობთ. რა იყო თქვენთვის მთავარი გამოწვევა ამ პერიოდის განმავლობაში?
– ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი გამოწვევა იყო. ჩვეულებრივ, მე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე და შტაბის უფროსი ვარ. ჩემი ეს როლი ზოგადად გულისხმობს მისიის შიდა მუშაობის კოორდინაციას, მისიის მუშაობის უზრუნველყოფას. ჩვენი მისია 300-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ასე რომ, ჩემი ფუნქციები უფრო მისიის შიგნით იყო მიმართული. ახლა ჩემი, როგორც მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის ფუნქციები, უფრო ფართო და გარე საკითხებზე ორიენტირებული გახდა, რაც საერთაშორისო საზოგადოებასა და საქართველოში ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობას, პოლიტიკური წარმომადგენლობითი საქმეების შესრულებას, ჩვენი ინტერვიუს მსგავს საქმიანობას გულისხმობს. თუმცა, ვფიქრობ, ზოგადად მისიისთვის გამოწვევას წარმოადგენს პატრულირებისა და ადგილზე ჩვენი წარმომადგენლობის შენარჩუნება, რათა საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, რომ კვლავ აქ ვართ და კვლავ ვპატრულირებთ. სიტუაცია კვლავ დაძაბულია. ჩვენ ვფიქრობთ, როგორ შეიძლება მისიის ადაპტირება ადგილზე შექმნილ სიტუაციასთან.
მალე საქართველოში ევროკავშირი სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი ჩამოვა. რას ურჩევდით მას?
– ჩემი რჩევა იქნება, მოუსმინოს, თუ რას ეტყვიან რიგითი მოქალაქეები, კერძოდ კი, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა. ასევე, მოუსმინოს პოლიტიკურ მოთამაშეებს აქ. ის ჩამოვა და ახალი თვალით შეხედავს არსებულ სიტუაციას. ახალი ხედვა კი ყოველთვის საინტერესოა. მე ვეტყოდი, რომ არ შეეშინდეს ახალი იდეების წამოწევის, რადგან ნდობის აღდგენისა და მონიტორინგის საქმიანობაში ახალი იდეების წამოყენება ნამდვილად მნიშვნელოვანია. მე მჯერა, რომ მისი წარსულით და გამოცდილებით, ახალი ხედვით, ადგილობრივების მოსმენით კარგი სამუშაოს შესრულება იქნება შესაძლებელი.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობა ასევე ფოკუსირებულია გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაზე. თუ შეგიძლიათ, ამ მიმართულებით თქვენს საქმიანობაზე უფრო ვრცლად გვიამბოთ.
– ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მსოფლიოში ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის 10 მისიიდან ერთ-ერთია. ყველა ამ მისიას აქვს ვალდებულება, პატივი სცეს ქალთა მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგს, რაც შეესაბამება გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს 1 325-ე რეზოლუციას. აღნიშნული რეზოლუციის მიღებიდან წელს 20 წლისთავი აღინიშნება. ჩვენ ამ თარიღს მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს აუცილებლად აღვნიშნავთ. ეს არის ფართო ვალდებულება, რომელიც როგორც გვავალდებულებს, ასევე საშუალებას გვაძლევს, შევასრულოთ გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებული სამუშაო. ამას ვაკეთებთ ორი ფორმით, პირველი არის მისიის შიგნით საქმიანობა, სადაც ვსაუბრობთ და ვახორციელებთ გენდერული საკითხების წამოწევას. ჩვენ ვაკვირდებით, როგორია გენდერული ბალანსი ჩვენი მუშაობის დროს, მაგალითად, პატრულირების დროს. ვაკვირდებით, რომ ვესაუბროთ თანაბარი რაოდენობის ქალსა და მამაკაცს, არიან თუ არა ჩვენს პატრულში წარმოდგენილი ქალები და კაცები. რაც შეეხება საგარეო საქმიანობას, ვმუშაობთ საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად, ოჯახური ძალადობა. ჩვენი მანდატი ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ ამ მიმართულებით საქმიანობის უფლებას გვაძლევს. ასევე, ჩავერთეთ ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან დაკავშირებით 16-დღიან კამპანიაში, რომელიც ყოველწლიურად ნოემბერ-დეკემბერში ტარდება. რა თქმა უნდა, 8 მარტს აღვნიშნავთ ქალთა საერთაშორისო დღეს. ვცდილობთ, ამგვარ კამპანიებში ჩავრთოთ ადგილობრივი მოსახლეობა და ხელი შევუწყოთ, მხარი დავუჭიროთ.