ქეცბაიას პრესკონფერენცია რამდენიმე წამი გაგრძელდა
ქეცბაიას პრესკონფერენცია რამდენიმე წამი გაგრძელდა

ანორთოსისმა“ სეზონში პირველი მარცხი განიცადა – თემურ ქეცბაიას გუნდმა „აპოლონთან“ სახლში 1:3 წააგო, რაც საჩემპიონო ამბიციების მქონე გუნდისთვის მტკივნეული მარცხი აღმოჩნდა.

მატჩის შემდეგ მედიის წარმომადგენლები ელოდებოდნენ თემურ ქეცბაიას განცხადებებს, მაგრამ ასე არ მოხდა. „აპოლონთან“ მატჩის შემდეგ „ანორთოსის“ მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენციამ რამდენიმე წამი გასტანა – ქართველი სპეციალისტი ძალიან ლაკონური იყო: „კომენტარის გარეშე“ და წავიდა. მის ამ საქციელზე კვიპროსულმა მედიამ რეაგირება მოახდინა.

„ნაბიჯი, რომელიც ნამდვილად არ ღირს გუნდისთვის და არც ჟურნალისტებთანა არის მისაღები, რომლებიც პრესკონფერენციას ესწრებოდნენ. თემურისა და „ანორთოსისის“ მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, პრესკონფერენციაზე კომენტარზე უარის თქმა სწორი რეაქცია არ იყო. მწვრთნელები პატივისცემით უნდა მოეკიდონ ჟურნალისტებს იმ დროსაც კი, როდესაც გამწარებულები არიან“, – წერია რადიო „სპორტ ფმ“-ის ვებგვერდზე.

თემურ ქეცბაია თამაშის დროს რამდენიმე მომენტით უკმაყოფილო დარჩა. მასპინძელთა კარში გატანილი მეორე გოლი, ფამაგუსტელთა აზრით, არასწორად დაინიშნა. ქართველი მწვრთნელის მკვეთრი რეაქცია გამოიწვია არბიტრის გადაწყვეტილებამ 65-ე წუთზე, როდესაც „აპოლონის“ მოთამაშემ ოქრიაშვილს უბიძგა, მაგრამ სტუმართა მოთამაშე არ დასაჯეს. თემურ ქეცბაიამ მეოთხე მსაჯს რეაგირება სთხოვა, მაგრამ მსაჯობის გაპროტესტებისთვის ყვითელი ბარათით დასაჯეს.