ქეცბაიას პაოკ-ში წალკაში დაბადებული მილიარდერი იწვევს
ქეცბაიას პაოკ-ში წალკაში დაბადებული მილიარდერი იწვევს

თემურ ქეცბაიას საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონ პაოკ-ში იწვევენ – ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარ მწვრთნელზე ინფორმაციას ბერძნული გამოცემა Enwsi ავრცელებს.

პაოკ-ში უკვე მწვრთნელის შემცვლელს ეძებენ. როგორც შევიტყვეთ, ერთ-ერთი კანდიდატი კარგად ფლობს რუსულ და ბერძნულ ენებს, საბერძნეთში იყო როგორც ფეხბურთელი და მწვრთნელადაც უმუშავია. ის თამაშობდა ათენის აეკ-ის მაისურით, ახლა კი თავის საყვარელ კვიპროსშია. მისი გუნდი ახლა ჩემპიონობისთვის იბრძვის. ამის შემდეგ შეუძლია „ანორთოსისი“ დატოვოს და სუპერლიგის გუნდში იმუშაოს, რადგან ათი წლის წინ იგივე გზა გაიარა. მან უკვე ისაუბრა ივან სავიდთან (პაოკ-ის მეპატრონე), რომელიც მას ძალიან აფასებს. დიახ, თქვენ სწორად მიხვდით – თემურ ქეცბაია პირველ ადგილს იკავებს პაოკ-ის სიაში, როგორც პაბლო გარსის მემკვიდრე“ – ამტკიცებს ინტერნეტ-გამოცემა Enwsi.

საინტერესოა, რომ სალონიკის პაოკ-ის მეპატრონე ივან სავიდი „ფორბსის“ 2020 წლის მონაცემებით, 1,6 მილიარდი დოლარის აქტივების მფლობელია. ის 1959 წლის 27 მარტს საქართველოში, ბერძნებით დასახლებულ წალკის რაიონის სოფელ სანთაში დაიბადა. 15 წლიდან კი სასწავლებლად როსტოვში გადავიდა.

2002-2005 წლებში, საფეხბურთო კლუბ „როსტოვის“ პრეზიდენტი იყო, 2006 წლის იანვარში კი როსტოვის სკა-ს პრეზიდენტი გახდა. ისტორიულ სამშობლოში, საბერძნეთში, ცნობილი საფეხბურთო კლუბ პაოკ-ის შეძენა პირველად 2006 წელს სცადა, თუმცა, ეს ვერ შეძლო. თავის დროზე კლუბი პაოკ-ი (პანთესალონიკის ათლეტების კლუბი – კონსტანტინოპოლელები) თურქეთიდან დევნილმა პონტოელმა ბერძნებმა შექმნეს – ივან სავიდის წინაპრებიც საქართველოში სწორედ ამ თემის საცხოვრებელი არეალიდან განდევნის შედეგად აღმოჩნდნენ.

პაოკ-ის მფლობელი სავიდი 2012 წელს მაინც გახდა, კლუბში დიდი ინვესტიცია ჩადო და პაოკ-ი საბერძნეთში ტიტულების მთავარ პრედენდენტთა შორის დააბრუნა. 2018 წელს გუნდი საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოსკოვის „სპარტაკი“ გამოთიშა. მატჩის შემდეგ ივან სავიდმა განცხადა, რომ ძალიან უნდოდა „სპარტაკის“ დამცირება და, რომ ეს გუნდი საბჭოთა პერიოდიდან არ მოსწონდა, მისმა განცხადებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

2019 წელს სავიდის კლუბმა საბერძნეთის ჩემპიონობის მოპოვება პრობლემების გარეშე მოახერხა. ამჟამად კლუბში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი, „დინამო თბილისის“ აღზრდილი ნიკა ნინუა ირიცხება.