ქეცბაიამ ტრადიცია დაარღვია და „ანორთოსისის“ გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში პირველად მიმართა - გპირდებით, რომ თასის ფინალში სულსა და გულს დავდებთ #1TVSPORT
ქეცბაიამ ტრადიცია დაარღვია და „ანორთოსისის“ გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში პირველად მიმართა - გპირდებით, რომ თასის ფინალში სულსა და გულს დავდებთ #1TVSPORT

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ თავის კარიერაში პირველად სოციალური ქსელში განცხადება გაავრცელა და კვიპროსის თასის ფინალამდე გულშემატკივრებს მიმართა.

„როგორც იქნა, 13 წლის შემდეგ „ანორთოსისი“ ისევ თასის ფინალშია. ჩვენ ეს გვინდოდა. ამას ველოდით. მართალია, გვსურდა, რომ ყველა ჩვენს გულშემატკივარს მხარი ტრიბუნებიდან დაეჭირა, მაგრამ განსაკუთრებული გარემოებების გამო, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სახლიდან უყურებს თამაშს და გამოგვიგზავნის თავის დადებით ენერგიას, აურას, სიყვარულს, ერთგულებას და ძალას, რათა თასი გამარჯვებულებმა ავწიოთ. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ჩვენი ძალისხმევა დაჯილდოვდეს, რადგან „ანორთოსისი“ არ არის გუნდი, რომელიც მხოლოდ იმიტომაა, რომ იარსებოს. ესაა გუნდი, რომელიც მთავარ როლს ასრულებს. მოთამაშეთა და სამწვრთნელო გუნდის მხრიდან გვპირდებით, რომ ამ მატჩში მოედანზე სულს და გულს დავდებთ თქვენთვის, თქვენი ოცნებების ასახდენად – ჩვენ ერთად ეს შეგვიძლია!“, – წერს თემურ ქეცბაია.

ოთხივე ქართველი სამატჩო განაცხადშია

კვიპროსის თასის ფინალი 15 მაისს გაიმართება და თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას „ანორთოსისი“ კვიპროსის ერთ-ერთ მთავარი პრიზისთვის ნიქოზიას „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდება. „ანორთოსისში“ საქართველოს ნაკრების ოთხი საკვანძო მოთამაშე ირიცხება – გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია.

კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მატჩის ტრანსლაციისას უცხოეთში არსებული შეზღუდვები მოიხსნება და კვიპროსის თასის ფინალის ხილვას ქართველი გულშემატკივრებიც შეძლებენ. კვიპროსის თასის ფინალი 15 მაისს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.