ქეცბაიამ „ომონიას“ ისევ ვერ მოუგო - მოთამაშეები ყველა პოზიციაზე გვჭირდება
ქეცბაიამ „ომონიას“ ისევ ვერ მოუგო - მოთამაშეები ყველა პოზიციაზე გვჭირდება

იმ დღიდან, რაც თემურ ქეცბაია „ანორთოსისში“ დაბრუნდა, ქართველმა მწვრთნელმა ლიგის ყველა გუნდს მოუგო, „ომონიას“ გარდა. ამიტომ კვიპროსის ჩემპიონატის მე-16 ტურში ნიქოზიელთა წინააღმდეგ შეხვედრა მისთვის გამოწვევა იყო.

სამწუხაროდ, „ანორთოსისმა“ ამჯერად არათუ ვერ მოიგო, მტკივნეული მარცხი იწვნია 0:3 და ქეცბაიას „ომონიასთან“ 6 მატჩში 4 ფრე და 2 წაგება დაუგროვდა. ქართველი მწვრთნელი თავისი გუნდის თამაშით მთელი მატჩის განმავლობაში გაღიზიანებული იყო, რადგან ფეხბურთელებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს.

პრესკონფერენციაზეც თემურ ქეცბაია აშკარად გაღიზიანებული ჩანდა. „ანორთოსისის“ მწვრთნელმა ხაზი გაუსვა, რომ მისმა გუნდმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს, მაგრამ გაძლიერების აუცილებლობაც ახსენა.

„ასეთ პრინციპულ მატჩში წაგება ძალიან რთულია. სიმართლე გითხრათ, რამდენჯერაც ჩვენ გავრისკეთ, იმდენი გოლი გავუშვით. ამ დონის მატჩში ასეთი მარტივი შეცდომების დაშვება არ შეიძლება. ჩვენ ლიდერებში ვართ და გაძლიერებაგვჭირდება, ეს ამ თამაშმა გვაჩვენა. ყველა პოზიციაზე ისეთი მოთამაშეებია აუცილებელი, რომლებსაც კლასი აქვთ. ჩვენ რამდენიმე მოთამაშეს დაველაპარაკეთ და ვნახავთ, რა გამოვა“, – განაცხადა ქეცბაიამ.

ასეთი წაგების შემდეგ „ანორთოსისს“ კიდევ შერჩა საჩემპიონო პრეტენზია? ქეცბაიამ ამ კითხვასაც უპასუხა:

„ჩვენ მეორე ადგილზე ვართ. მაგრამ ამიტომაც ვთქვი – ჩემპიონობისთვის ბოლომდე რომ ვიბრძოლოთ, სასწრაფოდ გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს უფრო მეტ დახმარებას გაუწევენ. ასეთი მოთამაშეები აუცილებლად უნდა მოვძებნოთ“.