ქეცბაიამ მედიასთან მორიგი შოუ მოაწყო - ამჯერად, ნიღბით და ერთსიტყვიანი პასუხებით (ვიდეო)
ქეცბაიამ მედიასთან მორიგი შოუ მოაწყო - ამჯერად, ნიღბით და ერთსიტყვიანი პასუხებით (ვიდეო)

კვიპროსის ჩემპიონატის მე-9 ტურში, გასვლაზე „ნეა სალამინასთან“ მოგების (4:1) შემდეგ, ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას მოწყობილმა პრესკონფერენციამ მორიგი ხმაური გამოიწვია.

თემურ ქეცბაია პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვებს თითო სიტყვით პასუხობდა. ქართველმა მწვრთნელმა, რომელიც მედიაცენტრში ნიღბით გამოჩნდა, თამაში ასე შეაფასა – „ისევ ყველაფერი კარგადაა“.

ქართველი მწვრთნელის პრესკონფერენცია ასე სახალისოდ წარიმართა.

– ფაქტი, რომ „ანორთოსისი“ დიდხანს კაცნაკლული თამაშობდა, გამარჯვების ღირებულებას ზრდის?

– შესანიშნავია.

– „ანორთოსისის“ შემადგენლობაში რამდენიმე იძულებითი ცვლილება მოხდა, მაგრამ გუნდმა ამას გაუძლო და ისევ გაიმარჯვა.

– ჩვენ მივიღეთ ის, რაც გვინდოდა.

– თვლით, რომ წელს „ანორთოსისი“ შარშანდელზე უკეთესია.

– დიახ.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაია მიმდინარე სეზონზე პრესკონფერენციის ფაქტობრივი უგულველყოფისთვის კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ სამჯერ დასაჯა. პირველად, კონკურენტ „ომონიასთან“ მატჩის შემდეგ, ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ქართველმა მწვრთნელმა კვიპროსის ფედერაციას ბრალდებები წაუყენა, „აპოლონთან“ პრესკონფერენციაზე კი თქვა – „უკომენტაროდ“ და დარბაზი დატოვა. მესამედ ხმაურიანი პრესკონფერენცია „აპოლონთან“ მატჩის შემდეგ ჰქონდა, როდესაც ყველა შეკითხვაზე მხოლოდ ერთი ფრაზით პასუხობდა – „ყველაფერი კარგადაა“, და ფაქტობრივად პრესკონფერენცია ჩაშალა.

თემურ ქეცბაიას თითოეულ ამ შემთხვევაში 5 ათასი ევროს გადახდა მოუწია, ანუ ჯამში საკუთარი ჯიბიდან 15 ათასი გადაიხადა. დასჯიან თუ არა ამჯერადაც, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.