ქართველმა ხელოვანმა დავით დათუნამ 120 ათას დოლარად გაყიდული ბანანი შეჭამა [ვიდეო]

მაიამიში, არტ ბაზელის გამოფენაზე, 120 ათას დოლარად გაყიდული მაურიციო კატელანის კედელზე მიკრული ბანანი, ქართველმა ხელოვანმა, დავით დათუნამ შეჭამა.

„მშიერი ხელოვანის პერფორმანსი“, – ასე განმარტა დავით დათუნამ საკუთარი ქმედება, როდესაც ათობით დამთვალიერებლის თვალწინ, კედელზე წებოვანი ლენტით მიკრული ბანანი ჩამოხსნა და დააგემოვნა.

მოგვიანებით, „ნიუ-იორკ თაიმსის“ ჟურნალისტის კითხვაზე გემრიელი იყო თუ არა ბანანი, დავით დათუნამ უპასუხა, რომ „რასაკვირველია გემრიელი იყო, მე შემიძლია შევჭამო ბანანიც და ბანანის კონცეფციაც, ვინაიდან ვარ ხელოვანი“.

პეროტინის გალერიის წარმომადგენლის განცხადებით, დავით დათუნას ხელოვნების ნიმუში არ გაუნადგურებია, ვინაიდან „ბანანი არის იდეა“.