ქართველმა სასულიერო პირებმა ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
ქართველმა სასულიერო პირებმა ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

ქართველმა სასულიერო პირებმა 28 ნოემბერს ვაშინგტონში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს.

კონფერენციის მთავარი თემები რელიგიის როლი დემოკრატიაში და ანტიდასავლური პროპაგანდა იყო; მასში მონაწილეობას იღებდნენ რელიგიური ლიდერები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. კონფერენცია NED-ის (ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის) პრეზიდენტმა, კარლ გერშმანმა გახსნა.

ვიზიტის ფარგლებში, სასულიერო პირები ასევე შეხვდნენ სამოქალაქო სექტორის, აკადემიური წრეების, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენებს. მათ შორის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს სახალხო დიპლომატიის საკითხებში, შერონ ჰადსონ დინს; სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს ევროპაში, სამხრეთ და ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და შრომის განხრით, ტომას მელიას; საქართველოში აშშ-ს ყოფილ ელჩს რიჩარდ მაილსს; საზღვაო ქვეითების მთავარ კაპელანს, ვიცე-ადმირალ ბრენთ სკოტს; აშშ-ში საქართველოს ელჩს დავით ბაქრაძეს.

დელეგაცია შედგებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა თემის, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესია და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმომადგენლებისგან.

პროექტს CDD-ი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. შემსწავლელი ვიზიტისა და საერთაშორისო ინტერ-რელიგიური კონფერენციის მხარდამჭერები არიან NED-ი (ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის), აშშ-ში საქართველოს საელჩო, საქართველოში აშშ-ის საელჩო, ევროპულ და ევროალტანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი.