ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში ძველით ახალი წელი აღნიშნეს [ვიდეო]

ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ძველით ახალი წელი კონცერტით აღნიშნეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს ქართული ფოლკლორი სიმღერებითა და ცეკვებით გააცნეს.

თავდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას.

საახალწლო ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. საპატიო სიგელები სხვადასხვა სიტუაციურ სწავლებასა და სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებულ ქართველ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს გადაეცა.

სამინისტროს ცნობით, საზეიმო ცერომონიალს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე დაესწრო. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე კოალიციური ძალების წარმომადგენელი ამერიკელი, პოლონელი, ჩეხი სამხედროები, ასევე ქართველი სამოქალაქო პირები.