ქართველმა მოფარიკავეებმა ევროპის ჩემპიონატში ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს
ქართველმა მოფარიკავეებმა ევროპის ჩემპიონატში ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში დასრულთა ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში. ბოლო დღეს ბილიკები ხმლით მოფარიკავე გუნდებმა დაიკავეს. საქართველოს ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაშიც სანდრო და ბექა ბაზაძეები, მიხეილ მარდალეიშვილი და ნიკა შენგელია არიან, პირველი შეხვედრები ბელარუსებთან გამართეს და ჯამში 45-34 გაიმარჯვეს. მეოთხედფინალში მათი მეტოქე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი, იტალიის ნაკრები იყო. ურთულესი ბრძოლების შემდეგ ქართველებმა ეტაპი მინიმალური სხვაობით 44-45 დათმეს. მე-5 – მე-8 ადგილებისთვის დაპირისპირებებში საფრანგეთთან 30-45 დამარცხდნენ. მე-7 – მე-8 პოზიციებისთვის ორთაბრძოლებში კი დიდი ბრიტანეთის ნაკრებს 45-31 სძლიეს და შეჯიბრი მე-7 ადგილზე დაასრულს. ეს ჯერჯერობით ქართველების მიერ ნაჩვენები საუკეთესო გუნდური შედეგია ევროპის ჩემპიონატზე.

შეგახსენებთ, რომ ამავე ევროპირველობაზე ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ზედიზედ 9 გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ ბოლო, ფინალში გასასვლელ შეხვედრაში წააგო. შედეგად ის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. უკვე მესამე წელია ბაზაძე კონტინენტის საუკეთესო ოთხეულში ხვდება. ეს მისი მესამე ბრინჯაოა. მედალთან ერთად, სანდრომ უმნიშვნელოვანესი სარეიტინგო ქულები დააგროვა, რომლებიც ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაში ძალიან დაეხმარება.