ქართველი ტყვიის მსროლელების სამი მედალი საფრანგეთის „დიდი პრიზიდან“
ქართველი ტყვიის მსროლელების სამი მედალი საფრანგეთის „დიდი პრიზიდან“

ქართველმა ტყვიის მსროლელებმა ორლეანში​ ​საფრანგეთის „დიდ პრიზზე“ გამოსვლა წარმატებით დაამთავრეს. დღეს შეჯიბრებები კვლავ პირად პირველობაში გაიმართა, სადაც ჩვენმა მსროლელებმა სამი მედალი – ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო მოიპოვეს.

ოქრო ბიჭებში აკაკი მოსულიშვილს ერგო, მესამეზე კი გოგოებში ნინო ხუციბერიძე და ვაჟებში ცოტნე მაჭავარიანი გავიდნენ. ჩვენი შვიდეულიდან ფინალში კიდევ ორნი – ქალებში ნინო სალუქვაძე და გოგოებში – ლიზი კილაძე მოხვდა. ვაჟებში ფინალამდე მხოლოდ ორი ქულა დააკლდა ლევან ქადაგიძეს.

მოსულიშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა 561 ქულით (95, 91, 93, 97, 91, 94) და მესამე ადგილით დაამთავრა, ფინალში კი 238.0-ით გაიმარჯვა. გოგოებში საკვალიფიკაციო ეტაპი ისევ ლიზი კილაძემ მოიგო, ვინც ამჯერად წინა ტურნირთან შედარებით, ოთხი ქულით ნაკლები – 574 დააგროვა, მაგრამ სამ სერიაში 98 ქულა ჰქონდა. ხუციბერიძემ ამჯერადაც 566 ქულით (95, 95, 94, 96, 92, 94) დაამთავრა საკვალიფიკაციო ეტაპი, თუმცა ეს ახლა მესამე ადგილი იყო. ფინალში ხუციბერიძე 214.4 ქულით მესამეზე გავიდა, კილაძემ კი 131,0-ით დაასრულა გამოსვლა, რაც მეშვიდე შედეგი აღმოჩნდა. მაჭავარიანი ამჯერად ფინალში გაცილებით უკეთესი სასტარტო პოზიციით – 580 ქულით და მეოთხე ადგილით შევიდა, იქ გამოსვლა კი 220,8-ით დაამთავრა და მესამეზე გავიდა. საკვალიფიკაციოში მაჭავარიანი საკმაოდ სტაბილურად და ძლიერად გამოვიდა – ხუთ სერიაში 97 დააგროვა, ერთში კი 95 ქულა ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ ვაჟებში ფინალურ ოქტეტში ოთხი რუსი, სამი ფრანგი და ერთი ქართველი იყო, გოგოებში კი – ოთხი ფრანგი, ორი ქართველი და თითო პერუელი და ესპანელი. სალუქვაძე ფინალში მეოთხე ადგილით შევიდა – 574 ქულა (94, 95, 97, 97, 95, 96), იქ კი 153,5 ქულით და მეექვსე ადგილით დაამთავრა.
ქადაგიძე 573 ქულით მეცხრე ადგილზე გავიდა (93, 97, 97, 96, 95, 95). გოგოებში მარიამ ქობულაშვილმა კი საკვალიფიკაციოში გამოსვლა 548 ქულით და მე-11 ადგილით დაასრულა (89, 90, 90, 93, 93, 93).

წყარო: საქართველოს სროლის ფედერაცია