ქართველი რეფერი ევტოტირნირში იმსაჯებს - ამაშუკელი „ენისეისა“ და „ბრისტოლის“ თამაშს მოემსახურება
ქართველი რეფერი ევტოტირნირში იმსაჯებს - ამაშუკელი „ენისეისა“ და „ბრისტოლის“ თამაშს მოემსახურება
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებ გვერდის ცნობით, ქართველი რეფერი ნიკა ამაშუკელი ევროტურნირში, „ჩელენჯ ქაფზე“ იმსაჯებს.
12 იანვარს, სოჭში, „ენისეი“ ინგლისურ „ბრისტოლს“ უმასპინძლებს და 24 წლის რეფერი გახდება პირველი ქართველი, რომელიც ამ დონის საკლუბო ტურნირის თამაშს მოემსახურება. როგორც წესი, საკლუბო ევროტურნირებში მსაჯთა ბრიგადები ერთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან კომპლექტდება და შესაბამისად, „ჩელენჯ ქაფზე“ დებიუტი კიდევ ორ მსაჯს ექნება – ამაშუკელს ასისტენტებად ირაკლი ჭანუყვაძე და თორნიკე გვირჯიშვილი ეყოლებიან.
„მოლოდინი გამართლდა და მოხარული ვარ, რომ ისტორიაში პირველად, „ჩელენჯ ქაფზე“ ქართული მსაჯთა ბრიგადა წარსდგება. დიდი მადლობა ყველას, ვისაც ჩვენს ამ წარმატებაში წვლილი აქვს შეტანილი. ვეცდებით, რომ ევროპის პროფესიული კლუბების კავშირის მოლოდინები გავამართლოთ და ამ ტურნირზე ქართველმა მსაჯებმა მყარად დაიმკვიდრონ ადგილი“ – განაცხადა ამაშუკელმა.
შეგახსენებთ, რომ ამაშუკელი ასევე იმსაჯებს თებერვალში რაგბი ევროპის, ხოლო მარტში 20-წლამდელთა ექვსი ერის თამაშებს.