ქართველი ქომაგების ლიდერი - არც ერთ სხვა სახეობას არ შეუძლია ათი ათასობით ქართველის ასე შეკრება, ზღაპარი არ დასრულებულა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების გულშემატკივართა გაერთიანების, „ქართული სპორტის ქომაგების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი ბექა ნოზაძე ევროპის ჩემპიონატზე „ჯვაროსნების“ გამოსვლის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, გუნდს მადლობას უხდის და იმედს გამოთქვამს, რომ ქართული ფეხბურთის წარმატებით ქვეყანა კიდევ ბევრჯერ გაიხარებს.
„ალბათ არ არსებობს ის სიტყვები, რომლითიც ამ ორი კვირის გადმოცემა შეიძლება. 14 წლის წინ, როცა ქომაგების შექმნის იდეა დაიბადა მხოლოდ ერთი პირობა მივეცით ერთმანეთს – „იქამდე არ დავიშალოთ, სანამ საქართველო მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატზე არ გავა“ – ეს სიტყვა კაცურად დავიცავით. ბევრი სირთულე, იმედგაცრუება და დაბრკოლება გადავლახეთ, მაგრამ სიამაყით გავიარეთ ეს განვლილი გზა.
ნაკრების ბიჭებთან ერთად ჩვენც გავიზარდეთ, ერთად ვისწავლეთ ბრძოლა და მიზნამდე სწრაფვა. ბევრჯერ დავეცით, მაგრამ ღირსეულად წამოვდექით, ერთად ვისწავლეთ გუნდურობა, თავდადება, პატივისცემა (როგორც გუნდის, ასევე ფანების).
მსოფლიომ საქართველო გაიცნო არა მხოლოდ ფეხბურთის თამაშით, არამედ ქართველი ფანებით. პირველი თამაშის გარდა, ყველგან უმრავლესობაში ვიყავით და არც ხარისხში ჩამოვუვარდებოდით ვინმეს. არც ერთი სპორტის სახეობას არ შეუძლია ათი ათასობით (!) ქართველის ასე შეკრება. ადამიანების, რომლებმაც შესაძლოა ბოლო სახსრები გაიღეს გერმანიაში მოსახვედრად.
პირველ რიგში ალალი მადლობა ეროვნული ნაკრების ბიჭებს, რომლებმაც ხალხისგან გაცემული ეს სიყვარული უკან ღირსეულად დააბრუნეს. ასევე მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა.
მადლობა ეკუთვნის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც საკმაოდ დიდი შრომა გასწია, რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო. ბევრი რამ გვაქვს კიდევ სასწავლი, გამოსასწორებელი და გასავითარებელი, მაგრამ ამ ყველაფრის დაუნახავობა – უმადურობა და უგუნურობაა.
და რა თქმა უნდა, მადლობა ჩემ „ქართული სპორტის ქომაგების“ ბიჭებს და გოგოებს, რომლებმაც არსად შეირცხვინეს თავი და ღირსეულად ვატარეთ ჩვენი ქვეყნის დროშა ყველგან. ახლა დროა ვისიამოვნოთ, თავები მაღლა ავწიოთ და წარმატებისკენ გზა განვაგრძოთ – ზღაპარი ჯერ არ დასრულებულა“, – წერს ბექა ნოზაძე.