ქართველი მწვრთნელის გუნდი ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე - „შერიფი“ გრანდებთან ითამაშებს #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრილი ყველა გუნდის 19-წლამდელთა შემადგენლობა უეფა-ს ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს – მათ შორის იქნებიან ტირასპოლის „შერიფის“ რეზერვისტებიც, რომლის მთავარი მწვრთნელიც შოთა მახარაძეა.
„ეს ჩვენი გუნდისთვის დიდი წარმატებაა. მიხარია, რომ ამ წარმატების მონაწილე ქართველი ვარ, მთავარი შემოქმედი კი ჩვენი პრეზიდენტი გუშჩანია. ჩემპიონთა ლიგაზე „შერიფი“ გენერალური დირექტორის, ვაჟა თარნიშვილის პერიოდში გავიდა, რაც საამაყო ამბავია. ვაჟა გუნდის ლეგენდაა და კარიერის დასრულების შემდეგ ახალ პოსტზეც თავი ძალიან კარგად გამოავლინა“, – განაცხადა შოთა მახარაძემ საქართველოს პირველ არხთან.
41 წლის ქართველი სპეციალისტის გუნდი, ისევე როგორც „შერიფის“ მთავარი გუნდი, მადრიდის „რეალის“, მილანის „ინტერისა“ და დონეცკის „შახტარის“ 19-წლამდ თანატოლებს შეხვდება. პირველ მატჩში 15 სექტემბერს მოლდაველები საკუთარ სტადიონზე „შახტარს“ მიღებენ.
შოთა მახარაძე საქართველოში ცდილობდა მუშაობას, მაგრამ მის მიმართ დიდი ინტერესი არც ერთმა ცნობილმა კლუბმა არ გამოავლინა და 2015 წლის ბოლოს ტირასპოლის „შერიფში“ წავიდა, სადაც კლუბის ქართველმა გენერალურმა დირექტორმა, ვაჟა თარხნიშვილმა მიიწვია.
მახარაძე ჯერ საბავშვო აკადემიაში საქმიანობდა, შემდეგ უფროსი ასაკის გუნდებს წვრთნიდა, ბოლოს კი „შერიფის“ 19-წლამდელების გუნდი და საფეხბურთო აკადემია ჩააბარეს, რომელიც ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორედ გაიყვანა.
მახარაძე პარალელურად, „შერიფის“ მთავარ გუნდში ანალიტიკური სამსახურის წევრია და გუნდის მომავალი მეტოქეების თამაშის გაანალიზება და გაშიფრვა ევალება. ასე რომ, მთავარი „შერიფის“ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაში თავისი წვლილი შეიტანა.