ქართველი მსაჯები საერთაშორისო ტურნირებზე გაირჯებიან
ქართველი მსაჯები საერთაშორისო ტურნირებზე გაირჯებიან

უკვე ცნობილი და საკმაოდ გამოცდილი ქართველი რეფერი ნიკა ამაშუკელი ოქტომბერ-ნოემბერში საერთაშორისო საკლუბო და სანაკრებო მატჩებს იმსაჯებს. მან მიწვევა ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის ასოციაციიდან და მსოფლიო რაგბისგან თითქმის ერთდროულად მიიღო.

ამაშუკელმა და შოთა თავზაძემ, ქართული მსაჯთა ბრიგადებით „კონტინენტის ფარზე“ გასულ სეზონშიც იმუშავეს. ნიკამ ნახევარფინალური შეხვედრაც იმსაჯა და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

წელს „კონტინენტის ფარზე“ მონაწილე გუნდების და შესაბამისად, თამაშების რაოდენობა შემცირდა და ევროპის პროფესიული კლუბების კავშირმა ადგილი მხოლოდ ერთი ქართული სამსაჯო ბრიგადისთვის გამონახა. ამაშუკელი 20 ოქტომბერს, ბრიუსელში ბელგიელი ბარბაროსები XV-ისა და იტალიური ‘პეტრარკას’ მატჩს განსჯის. მას კიდეებიდან საბა აბულაშვილი და ირაკლი ჭანუყვაძე დაეხმარებიან. აბულაშვილი „კონტინენტის ფარის“ მატჩებზე გასულ სეზონშიც მუშაობდა, ჭანუყვაძეს კი ევროპული დებიუტი ექნება.

აქედან დაახლოებით ერთ თვეში, ამაშუკელი მსოფლიო რაგბის მიწვევით ნოემბრის ტესტ-მატჩზე იმსაჯებს. 24 ნოემბერს რუსეთისა და იაპონიის ნაკრებები ინგლისში, კერძოდ გლოსთერში, „კინგსთომ სთედიუმზე“ ითამაშებენ და ცენტრალური მსაჯი ცნობილი ფრანგი რეფერი ჟერომ გარსეზი იქნება, ხოლო ამაშუკელი მას კიდიდან დაეხმარება. ნიკას საერთაშორისო, სანაკრებო დონეზე, ასეთი მაღალი რანგის შეხვედრაში პირველად ვიხილავთ.

„მარკუსიში, ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის მსაჯთა ტრადიციულ შეკრებაზე მე და ჩვენი მენეჯერი ლუკა კილასონია ვიმყოფებოდით. მაშინვე ითქვა, რომ „კონტინენტის ფარზე“ ქართული სამსაჯო ბრიგადა წელსაც იმუშავებდა და 20 ოქტომბერს ბრიუსელში ვიმსაჯებთ. გვერდითი მსაჯები ყველასათვის კარგად ნაცნობი საბა აბულაშვილი და ახალგაზრდა, პერსპექტიული ირაკლი ჭანუყვაძე იქნებიან, რომელმაც დაამტკიცა, რომ საერთაშორისო დონეზე შანსს იმსახურებს. მოვიდა მსოფლიო რაგბის დანიშვნები და 24 ნოემბერს ინგლისში, რუსეთისა და იაპონიის ნაკრებების შეხვედრაზე მიმიწვიეს, სადაც ცენტრალური მსაჯი ჟერომ გარსეზი იქნება, ერთ-ერთი საუკეთესო რეფერი, რომელიც ჩემი აზრით მსაჯების ტოპ-სამეულში შედის. ის ჩემი ფავორიტი მსაჯია და მასთან ერთად მუშაობა დიდი სიამოვნება იქნება.“ – განაცხადა დანიშვნებთან დაკავშირებით ნიკა ამაშუკელმა.

წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი