ქართველი ლეგიონერების წარმატებული სტარტი საფრანგეთის ჩემპიონატში #1TVSPORT
ქართველი ლეგიონერების წარმატებული სტარტი საფრანგეთის ჩემპიონატში #1TVSPORT

გუშინ, 4 სექტემბერს სტარტი აიღო ტოპ 14-მა. პირველ ტურში ქართული რაგბის გულშემატკივრისთვის რამდენიმე სასიამოვნო ამბავი მოხდა.

„ტულონი“ „მონპელიეს“ 24-24 დაუზავდა. „მონპელიეს“ შემადგენლობაში 80 წუთი ითამაშა გელა აფრასიძემ. ქართველი 9 ნომერი თამაშს დამაჯერებლად უძღვებოდა 71-ე წუთზე კი ჯარიმა შეასრულა. „მონპელიეს“ რიგებში მიშა ნარიაშვილი 67-ე წუთზე გამოჩნდა.
მოედანს დაუბრუნდა ტრავმირებული ბექა გორგაძე, თამაში სასტარტო თხუთმეტეულში დაიწყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. „კასტრის“ წინააღმდეგ გორგაძის „პომ“ 16-12 დათმო მატჩი.

„ბრივისა“ და „პერპინიანის“ დაპირისპირებაში ერთდროულად 5-მა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ორი ქართველი მოხვდა. გიორგი თეთრაშვილი „პერპინიანის“ სასტარტოში იყო და 49 წუთი ითამაშა, ხოლო „ბრივის“ მხრიდან ლუკა ჯაფარიძე 53-ე წუთზე სოსო ბეკოშვილმა შეცვალა. 59-ე წუთზე ვასილ ლობჟანიძე გამოჩნდა მოედანზე, 70-ზე კი ვანო კარკაძე.

ტოპ 14-ში დებიუტი ჰქონდა თორნიკე ჯალაღონიას. ქართველმა მესამეხაზელმა 75 წუთი ითამაშა. „ბიარიცის“ შემადგენლობაში, ასევე, ითამაშა უშანგი ჭეიშვილმა, რომელიც თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო. მათ მოწინააღმდეგე „ბორდოს“ შემადგენლობაში კი 58-ე წუთზე ლექსო ყაულაშვილი ლაშა ტაბიძემ შეცვალა. მატჩი „ბიარიცის“ გამარჯვებით 27-15 დასრულდა.

„რასინგთან“ დამარცხდა პარიზული „სტად ფრანსე“, რომლის შემადგენლობაშიც ვასილ კაკოვინმა 55 წუთი ითამაშა.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩებს, ლიონში გადაბარგებულ ქართველებს – ბექა საღინაძესა და დავით ნინიაშვილს დებიუტი ექნებათ. საღინაძე თამაშს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს, 19 წლის ბორჯღალოსანი უკანახაზელი კი გუნდს მარქაფიდან გააძლიერებს. მატჩი საქართველოს დროით 19:45-ზე დაიწყება.