ქართველი ლეგიონერები | შოთა ნონიკაშვილმა უკრაინაში გაიტანა, ლუკა იმნაძემ საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT

21:46, 17.08.2025

ანზორ მექვაბიშვილის „უნივერსიტატეა“ რუმინეთის სუპერლიგაში „მიერკურეა ჩიუკის“ სტუმრად დაუპირისპირდა და 2:1 სძლია. ქართველი ნახევარმცველი, რომელიც კონფერენს ლიგის ბოლო მატჩის გმირი გახდა, ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და მეორე საუკეთესო შეფასება – 7.3 ქულა მიიღო.

ესტონეთის პრემიუმ ლიგის 24-ე ტურში შალვა ბურჯანაძის „ნარვა“ ევროსაგზურისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტს, „კალიუს“ ესტუმრა და 2:1 სძლია. ქართველმა მცველმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და ყვითელი ბარათი მიიღო. „ნარვამ“ მოგებით 42 ქულა დააგროვა, მეხუთე ადგილზეა და ლიდერთა სამეულთან ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა.

ყაზახეთის პრემიერლიგაში საგოლე გადაცემა შეასრულა ლუკა იმნაძემ, რომლის „ორდაბასი“ შინ ცოტნე მოსიაშვილის „ტობოლთან“ 2:3 დამარცხდა. ქართველმა შემტევმა 55-ე წუთზე ევერტონს გაატანინა, მოსიაშვილი კი მოედანზე მატჩის მიწურულს გამოჩნდა.

უკრაინის პრემიერლიგის მე-3 ტურში ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარი“ გიორგი კუციას რივნეს „ვერესს“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. კუცია მასპინძელთა რიგებში შესვენების შემდეგ, 46-ე წუთიდან გამოჩნდა. ამასთან, თვალსაჩინოა, რომ აზაროვმა კლუბი უნდა შეიცვალოს – ევროთასებზე არ ათამაშებენ, ადგილობრივ ჩემპიონატში კი მოედანზე მხოლოდ 90+2-ე წუთიდან შეუშვეს და, ფაქტობრივად, უთამაშებელია.

ასევე უკრაინაში სეზონში პირველად გაიტანა შოთა ნონიკაშვილმა, რომლის „ჩერკასმა“ გასვლაზე გიორგი მაისურაძის „პოლისიე“ 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა 29-ე წუთზე პენალტი გამოიყენა და გუნდი დააწინაურა.

მსგავსი