ქართველი ლეგიონერები ევრო ტურნირებზე
ქართველი ლეგიონერები ევრო ტურნირებზე

ჩელენჯ ქაფზე განვლილ შაბათკვირას მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა. ბრივი კონახტს ესტუმრა და დიდი ანგარიშით 55:10 განადგურდა. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 17:10 იყო მასპინძლების სასარგებლოდ, თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარში მათ კიდევ უფრო დიდი უპირატესობა მოიპოვეს და ფრანგებს შანსი არ დაუტოვეს. ბრივის შემადგენლობაში 47-ე წუთიდან ითამაშა კარლენ ასიეშვილმა. ახალგაზრდა ქართველი ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძე ტრავმირებულია და გუნდს კიდევ მინიმუმ 2 კვირა ვერ დაეხმარება. ბრივი ოთხი ტურის შემდეგ მეხუთე ჯგუფში ერთი გამარჯვებითა და სამი მარცხით მესამე ადგილს იკავებს.

შეხვედრა დათმო ლაშა ლომიძის ლონდონ აირიშმაც, რომელმაც ზურაბ ჟვანიას და გიორგი მელიქიძის სტად ფრანსეს უმასპინძლა და 20:26 წააგო. ლაშა ლომიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 80 წუთი გაატარა. გიორგი მელიქიძე მატჩში 51-ე წუთიდან ჩაერთო და შემოსვლიდან სამ წუთში ლელო დადო. ზურაბ ჟვანია უჩვეულო პოზიციაზე – მესამე ხაზში გაისარჯა, იგი შეხვედრაში მე-4 წუთიდან ჩაერთო. ლონდონ აირიში მეოთხე ჯგუფში მესამე ადგილზეა. ამავე ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს სტად ფრანსე.

ფრანგულ დაპირისპირებაში ლიონმა ტულუზა 21:10 დაამარცხა. თორნიკე მატარაძე მოედანზე 51-ე წუთზე გამოჩნდა. ლიონი მეორე ჯგუფში ორი გამარჯვებითა და ორი მარცხით მეორე ადგილს იკავებს.

ედინბურგმა კრასნი იარი 78:0 გაანადგურა. გიორგი ფრუიძემ შეხვედრა ცენტრის პოზიციაზე დაიწყო და 80 წუთი ითამაშა. სასტარტო შემადგენლობაში იყო ლაშა მალაღურაძეც. კრასნი იარი ოთხი ტურის შემდეგ ოთხი მარცხით ჯგუფში ბოლო ადგილს ადგილზეა.

დამარცხდა მეორე რუსული კლუბიც. ენისეის ბორდომ უმასპინძლა და 36:27 დაამარცხა. ფრანგული კლუბის შემადგენლობაში ლაშა ტაბიძე სათადარიგოთა სკამზე იყო და შეხვედრაში 66-ე წუთიდან ჩაერთო. დავით კაჭარავამ და მიხეილ გაჩეჩილაძემ ენისეის ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს და მოედანზე სრული 80 წუთი გაატარეს. კრასნი იარის მსგავსად ჯგუფში ენისეიც ბოლო ადგილზეა.

ჩემპიონთა თასის მეოთხე ტურში მონპელიემ შინ 36:26 დაამარცხა შოტლანდიური გლასგო ვორიორსი. ფრანგებმა პირველი ტაიმი 14:19 დათმეს, თუმცა მეორე ტაიმში აშკარა უპირატესობას დაეუფლნენ და მეტოქეს ათქულიანი სხვაობით სძლიეს.  კონსტანტინე მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა და მოედანზე 68 წუთი გაატარა. მიხეილ ნარიაშვილი მატჩში 46-ე წუთიდან ჩაერთო. მონპელიე მესამე ჯგუფში მეორე ადგილზეა და მხოლოდ ირლანდიურ ლესტერს ჩამორჩება.

რასინგ მეტრომ მარტივად – 29:7 დაამარცხა კასტრი. ვასილ კაკოვინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან 48-ე წუთიდან ჩაერთო. პარიზელები ოთხი ტურის შემდეგ ჯგუფში მეორე ადგილს იკავებენ.

ბასმა ინგლისში, ძალზედ დაძაბულ მატჩში, ხუთქულიანი სხვაობით – 26:21 დაამარცხა ფრანგული ტულონი. მატჩში ქართველ მორაგბეებს მონაწილეობა არ მიუღიათ. ტულონი სამი მოგებითა და ერთი მარცხით მეხუთე ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს.

არანაკლებ დაძაბულ შეხვედრაში კლერმონმა სარასენსს 24:21 მოუგო. ვიქტორ კოლელიშვილი მარქაფაში იყო და მოედანზე 73-ე წუთზე გამოვიდა. კლერმონს ოთხი ტურში ოთხი მოგება აქვს და მეორე ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობს.