ქართველი ხელოვანები ბრიტანეთში, Encounters Film Festival-ში მონაწილეობენ
ქართველი ხელოვანები ბრიტანეთში, Encounters Film Festival-ში მონაწილეობენ

ბრიტანეთის ქალაქ ბრისტოლში მოკლემეტრაჟიანი ფილმების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ფესტივალი Encounters Film Festival იმართება, სადაც საქართველო წელს მასშტაბურად არის წარმოდგენილი. კინოფესტივალის პირველ დღეს პროგრამაში GEORGIAN PAST MASTERS აჩვენეს მიხეილ კობახიძისა და გიო მგელაძის ფილმები, სექციაში GEORGIAN NEW TALENT წარდგენილი იყო ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების თანამედროვე მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა, ხოლო დღის ბოლოს მაყურებელმა გიორგი შენგელაიას „ალავერდობა“ ნახა.

ქალაქ თბილისის მერიის ორგანიზებით, ფესტივალის სტუმრებისთვის ქართული წვეულება გაიმართა.

ბრისტოლში ფესტივალის მეორე დღე ქართულ ანიმაციას დაეთმო. შედგა დავით თაყაიშვილის 1983 წელს გადაღებული ანიმაციური ფილმის „ჭირის“ ჩვენება, რომელმაც კანის კინოფესტივალზე პალმის რტო მოიპოვა, როგორც საუკეთესო მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა. ასევე, აჩვენეს ბოლო წლების თანამედროვე ანიმაციები, რომელთაც წარმატებული საფესტივალო კარიერა აქვთ. გაიმართა პროგრამის Georgian Film School წარდგენა, რომელიც ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების ნამუშევრებს აერთიანებს. ფესტივალის მეორე დღე კი მარიამ ხაჭვანის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფილმის „დედე“ ჩვენებამ დახურა.

ფესტივალი 30 სექტემბერს დაიხურება.