ქართველი ექიმები და ბიოლოგები ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოს ბაზაზე გადამზადებას გაივლიან
ქართველი ექიმები და ბიოლოგები ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოს ბაზაზე გადამზადებას გაივლიან

ქართველი ექიმები და ბიოლოგები ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოს „ბამბინ ჯეზუ“ ბაზაზე რომში რამდენიმეკვირიან გადამზადებას გაივლიან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფო გადაუდებელი და იშვიათი შემთხვევებისას, ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით გამონაკლისის სახით, საქართველოს დახმარებას გაუწევს. ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოსთან აღნიშნულ შეთანხმებას საქართველოს პრეზიდენტმა ვატიკანში პირველი ოფიციალური ვიზიტისას მიაღწია.

„ძალიან სასიხარულო ამბავია ჩვენთვის. დავათვალიერე „ბამბინ ჯეზუს“ საავადმყოფოს მაღალტექნოლოგიური მეცნიერებათა კვლევის ლაბორატორია, რომელიც ერთ-ერთი გამოჩენილია ევროპაში და რომელიც პირველ რიგში, ბავშვთა მიმართულებით იშვიათ და ონკოლოგიურ დაავადებებზე მუშაობს. მათ მზადყოფნა გამოთქვეს, რომ ყველა მიმართულებით ითანამშრომლონ საქართველოსთან. პირველ რიგში, მოხდება ჩვენი ექთნებისა და ექიმების გადამზადება. საჭიროა, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ ლაბორატორიის მუშაობასა და კვლევაში.

ასევე, მზად არიან დიაგნოსტიკური კუთხით თანამშრომლობისთვის. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაეხმარებიან ჩვენ ბავშვებს. საავადმყოფოს დირექტორი ჩამოვა საქართველოში, ჩვენ ამაზეც ვართ შეთანხმებული და ადგილზე მოვაწერთ ხელს მემორანდუმს. ეს ყველასთვის ძალიან სასიხარულო ამბავია და მე პირადად, ძალიან მიხარია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე ლაბორატორია დაათვალიერა, რომელიც მაღალტექნოლოგიურ კვლევით და დიაგნოსტიკურ-გენეტიკურ საქმიანობას ეწევა, მათ შორის იმუნოთერაპიის და უჯრედული თერაპიის კუთხით.

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოს „ბამბინ ჯეზუს“ დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტი მარიელა ენოკი საქართველოს ესტუმრება.