ქართველი ახალგაზრდების მარცხი - შვეიცარიამ ლიდერობა გორში განიმტკიცა
ქართველი ახალგაზრდების მარცხი - შვეიცარიამ ლიდერობა გორში განიმტკიცა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა ჯგუფის ლიდერ შვეიცარიასთან გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.

ვასილ მაისურაძის გუნდს ხუთი მოთამაშე აკლდა – გუნდის კაპიტანი გიორგი არაბიძე ჯერ უგუნდოდაა, მეკარე ლუკა გუგეშაშვილი შეკრებაზე არ ყოფილა. მისი შემცვლელი, მეკარე გიორგი მამარდაშვილი ლიხტენშტაინთან მიღებული წითელი ბარათის გამო დისკვალიფიცირებულ იყო, ყვითელი ბარათების გამო მატჩი გიორგი კუციამ გამოტოვა, ასევე არ იყო სალონიკის პაოკ-ის ნახევარმცველი ნიკა ნინუა, ხოლო მარჯვენა მცველი ნიკა მალი ეროვნულ ნაკრებში დააწინაურეს.

ანგარიში 27-ე წუთზე შვეიცარიის ნაკრებისა და ფრანგული „ნიცას“ თავდამსხმელმა დენ ნდოიმ გახსნა. 69-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მცველმა ლუკა ლაკვეხელიანმა საკუთარ საჯარიმოში წესი დაარღვია და ჩვენი გუნდის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ინგლისური „ბრაიტონის“ ცენტრფორვარდმა, ანდი ზექირიმ გოლად აქცია, საბოლოო ანგარიში კი 81-ე წუთზე „გრასჰოპერის“ ნახევარმცველმა პეტარ პუსიჩმა დააფიქსირა – 0:3 შვეიცარიის სასარგებლოდ.

ჯგუფში კიდევ ორი მატჩი გაიმართა – სლოვაკეთმა საშინაო არენაზე აზერბაიჯანი 2:1 დაამარცხა, ხოლო საფრანგეთი ლიხტენშტაინს იოლად გაუსწორდა 5:0.

8 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 9 ქულით სლოვაკეთთან ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს. ჯგუფის ლიდერი 21 ქულით შვეიცარიაა, რომელმაც 7 მატჩი გამართა და ქულა არ დაუკარგავს. მას 18 ქულით საფრანგეთი (ასევე 7 შეხვედრა ჩაატარა) მოსდევს.

შემდეგ ტურში საქართველოს ნაკრები 13 ოქტომბერს აზერბაიჯანის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი ისევ გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩატარდება და 19 საათზე დაიწყება.

შესარჩევი ეტაპი. მე-2 ჯგუფი.

საქართველო U21 – შვეიცარია U21 0:3

09/10/2020. გორი. სტადიონი „თენგიზ ბურჯანაძე”.

გოლები: 0: 1 ნდოი (27), 0:2 ზექირი (69.პ), 0: 3 პეტარ პუსიჩი (81)

საქართველო U21: სანიკიძე ბურჯანაძე, ლოჩოშვილი, კობოური, ლაკვეხელიანი (87. კუხიანიძე) – დარცმელია, სამურკასოვი (87. აზაროვი), მექვაბიშვილი (65. ანდრონიკაშვილი) – გულიაშვილი (74. სპანდერაშვილი), არველაძე, სილაგაძე

სათადარიგოები: კერესელიძე, გელაშვილი, ძოწენიძე, ინჯგია

გაფრთხილებები: მექვაბიშვილი (50)