სერჟიო პარისე - ქართველებთან შეხვედრა ძალიან დაძაბული იქნება
სერჟიო პარისე - ქართველებთან შეხვედრა ძალიან დაძაბული იქნება

10 ნოემბერს „ბორჯღალოსნები“ იტალიას ფლორენციაში, „არტემიო ფრანკიზე“ ესტუმრებიან. შეხვედრის წინ,  მომავალ მატჩზე და ზოგადად ქართული რაგბის პროგრესზე იტალიელთა კაპიტანმა, სერჟიო პარისემ, იტალიის რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდს მოკლე ინტერვიუ მისცა.

„იტალიის ნაკრებში იმდენი თამაში ჩავატარე, რომ საქართველოსთან ტესტ მატჩს განსაკუთრებულად ვერ აღვიქვამ. ერთ-ერთი ისეთი თამაშია, რომელშიც დაძაბულობა მაღალ დონეზე იქნება, იმიტომ რომ მეტოქეს ბევრად მეტი აქვს დასამტკიცებელი, ვიდრე ჩვენ.

ნამდვილად პრინციპული თამაშია და ჩვენი მიზანი რა თქმა უნდა გამარჯვებაა, მაგრამ პირადად მე იმ აზრს არ ვიზიარებ, რომ ამ მატჩს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. არიან გუნდში მორაგბეები, ვისთვისაც გაცილებით პრინციპულია ეს თამაში, რადგან სხვა, უფრო ძლიერი გუნდების წინააღმდეგ თამაშის ნაკლები გამოცდილება აქვთ.

ყურადღებას არ ვაქცევ, როდესაც ამბობენ, რომ ეს დაპირისპირება აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ყველა თამაშის მოგება თანაბრად მნიშვნელოვანია. საქართველოს ისე აღვიქვამთ, როგორც ჩვენი დონის გუნდს. როგორც ამბობენ, ეს იტალიის ნაკრებისთვის ბოლო 15 წლის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა. მე ამას ვერ ვგრძნობ, მაგრამ ასე ამბობენ.

რაც შეეხება საქართველოს, მათი პროგრესი აშკარაა. ამის უმთავრესი მიზეზი კი ისაა, რომ სწორად მუშაობენ და იმის პრეტენზიაც აქვთ, რომ „ექვს ერში“ ითამაშონ. არ ვიცი ამ კუთხით იქნება თუ არა ამ თამაშზე ბევრი რამ დამოკიდებული.

ყველა, მათ შორის ახალ ზელანდიელები და ავსტრალიელები, აღნიშნავენ, რომ ქართველები ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან და ამ კომპონენტში მათთან დაპირისპირება ყველას უჭირს. აგრეთვე, ისინი მწყობრი დაცვით გამოირჩევიან.“ – განაცხადა პარისემ.

შეგახსენებთ, რომ „ბორჯღალოსნები“ ნოემბრის სანაკრებო პაუზისას პირველ ტესტ მატჩს იტალიის წინააღმდეგ ჩაატარებენ.