„დინამომ“ იმედები არ გაამართლა - ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე „ტირანა“ გავიდა (ვიდეო)
„დინამო თბილისმა“ ალბანურ „ტირანასთან“ „დინამო-არენაზე“ გამართული ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრა ჩაატარა და გულშემატკივრებს იმდები გაუცრუა.
პირველი ტაიმი თბილისელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, საგოლე მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ მეტოქის კარი ვერ აიღეს. ტაიმის მიწურულს კი ლუკა ლოჩოშვილისა და როინ კვასხვაძის შეუთანხმებლობით სტუმართა მოთამაშე აუგუსტინ ტორასამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა 0:1.
მეორე ტაიმში „დინამომ” მთელი ძალებით შეუტია, თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა შეცვლებიც განახორციელა. 78-ე წუთზე თბილისელებმა გაიტანეს, მაგრამ არბიტრმა თორნიკე კაპანაძეზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა.
86-ე წუთზე ალბანელებმა სწრაფი კონტრშეტევა მეორე გოლით დაასრულეს – თავი მარსელ ისმაილგეციმ გამოიჩინა და საბოლოოდ შემდეგ ეტაპზე „ტირანა“ გავიდა 0:2
„ტირანა“ სერბეთის ჩემპიონ „ცრვენა ზვეზდას” შეხვდება, რომელმაც პირველ ეტაპზე გიბრალტარის ჩემპიონი „ევროპა“ 5:0 დაამარცხა. მატჩი 26 აგვისტოს ალბანეთში გაიმართება.