ქართველების „ვოლფსბერგერმა“ მოსკოვში ცსკა დაამარცხა - ავსტრიელები ევროპალიგის პლეიოფს მიუახლოვდნენ
ქართველების „ვოლფსბერგერმა“ მოსკოვში ცსკა დაამარცხა - ავსტრიელები ევროპალიგის პლეიოფს მიუახლოვდნენ

ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში, ავსტრიული „ვოლფსბერგერი“ მოსკოვში ცსკა-ს ესტუმრა, უმნიშვნელოვანეს მატჩში დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური კანდიდატი გახდა.

მოსკოვის „ვებ არენაზე“ გამართული შეხვედრა ავსტრიელთა გამარჯვებით დასრულდა – 1:0. ანგარიში 21-ე წუთზე დარიო ვიზინგერმა გახსნა – სტუმრების თავდამსხმელმა მიზანს შორი მანძილიდან დარტყმით მიაღწია. ამ გუნდების მატჩი პირველი ტურში, 22 ოქტომბერს, ავსტრიაში ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ავსტრიული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ლუკა ლოჩოშვილი, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და საერთაშორისო საფეხბურთო გვერდ „სოპასქორისგან“ საკმაოდ კარგი შეფასება დაიმსახურა – 7,2 ქულა. გურამ გიორბელიძეს კი ამჯერად არ უთამაშია. მოსკოველთა ძირითად შემადგენლობაში იყო 20 წლის კონსტანტინე მარადიშვილი, რომელმაც არა საყრდენ ნახევარმცველად, არამედ მარჯვენა მცველად ითამაშა.

უეფას ევროპის ლიგის K ჯგუფში ლიდერი ზაგრების „დინამოა“ (8 ქულა), რომელმაც ბოლო ტურში გასვლაზე „ფეიენოორდი“ 0:2 დაამარცხა. „ვოლფსბერგერი“ (7) მეორე ადგილზეა, ნიდერლანდელები 5 ქულით მესამეზე არიან და ბოლო ტურში ავსტრიაში ქართველების გუნდთან უშუალო დაპირისპირებაში გაარკვევენ, შემდეგი ეტაპის მონაწილე რომელი გუნდი იქნება. ავსტრიელებთან წაგებამ კი ცსკა-ს პლეიოფში გასვლის შანსი დაუკარგა.