ქართველების უიღბლო ტური ევროპაში #1TVSPORT
ქართველების უიღბლო ტური ევროპაში #1TVSPORT

ბოლო ორი ტურია, ოთარ კაკაბაძეს მწვრთნელი არ ათამაშებს „კრაკოვიას“ ძირითად შემადგენლობაში, რომელიც პოლონეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში (გასვლაზე) ლოძის „ვიძევთან“ 0:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მცველი მოედანზე 56-ე წუთზე გამოჩნდა.

თურქეთში კვლავ „ჰატაისპორის“ ძირითად შემადგენლობაში იყო საბა ლობჟანიძე, რომელმაც გასული სეზონის ფონზე, შედეგიანობას უკლო. საბა 87 წუთი იყო მოედანზე, მაგრამ თავი გოლით ან საგოლე გადაცემით ვერ გამოიჩინა, მისი გუნდი კი 0:1 დამარცხდა.

წინა ტურში დუბლის შესრულების შემდეგ უგოლოდ დაასრულა თამაში გიორგი ბერიძემ, რომელიც „ანკარაგუჯუს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს „ალანიასპორთან“ წაგებულ (2:1) გასვლით შეხვედრაში.

არასტაბილურია დათა ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“, რომელსაც ორ ფრონტზე – ჩემპიონატსა და ევროთასებზე უწევს თამაში. გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვდა, დანიის ჩემპიონატში გამართული 9 მატჩიდან კი 5 წააგო. ბოლო ტურში „კოპენჰაგენი“ გასვლაზე „ოდენსესთან“ დამარცხდა. ხოჭოლავამ 84 წუთი ითამაშა.

ლევან შენგელიამ საბერძნეთის ჩემპიონატში 69 წუთი ითამაშა „პანატოლიკოსის“ ძირითად შემადგენლობაში. ეს მატჩი ქართველების გუნდებში ყველაზე იღბლიანი გამოდგა და „პანატოლიკოსმა“ „კრეტასთან“ გასვლაზე მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა – 1:2.