ქართველების გუნდში მწვრთნელი გაათავისუფლეს - ხაცკევიჩმა „როტორიდან“ გაშვება მედიისგან შეიტყო #1TVSPORT
ვოლგოგრადის „როტორმა“, სადაც ოთხი ქართველი ფეხბურთელია, გუნდის მთავარი მწვრთნელი, ალექსანდრე ხაცკევიჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია რატომ გადაწყვიტა ვოლგოგრადის გუნდის ხელმძღვანელობამ 47 წლის სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლება.
„გადაწყვეტილება უემოციოდ მივიღეთ. ალექსანდრე ხაცკევიჩის თანამდებობიდან გათავისუფლება დარჩენილ მატჩებში ქულების საჭირო რაოდენობის მოსაპოვებლად და ამოცანის შესასრულებლად დაგვჭირდა. მოსკოვის „ლოკომოტივთან“ მატჩამდე მოსამზადებლად ორი კვირაა დარჩენილი და გუნდი ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ივარჯიშებს. მწვრთნელის შეცვლა გუნდის გამოფხიზლებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა „როტორის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეი რეკეჩინსკიმ.
თავად ხაცკევიჩითვის ეს ამბავი მოულოდნელი გამოდგა და არ დამალა, რომ გათავისუფლების შესახებ მედიიდან შეიტყო.
„მე არც ვიცი ამის შესახებ, რადგან კიევში ვარ. თქვენგან პირველად მესმის, რომ თანამდებობას ვტოვებ. ამაზე საუბარი არ ყოფილა”, – აღნიშა ხაცკევიჩმა „რია ნოვოსტისთან“.
ხაცკევიჩი „როტორს“ სათავეში 2019 წლის დეკემბერში ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი პრემიერლიგაში გავიდა. 23 ტურის შემდეგ, ვოლგოგრადის გუნდს სატურნირო ცხრილში 18 ქულით მე-13 ადგილი უკავია.
შეგახსენებთ, რომ ვოლგოგრადის „როტორში“ ოთხი ქართველი ფეხბურთელია – საბა კვირკველია, ნიკა ყიფიანი, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი არაბიძე. გუნდმა 23-ე ტურის საშინაო მატჩი „როსტოვთან“ 0:4 წააგო, ქართველებიდან ხაცკევიჩმა მხოლოდ ყიფიანი ათამაშა, ისიც – შეცვლაზე.