ქართველების დაპირისპირება აზერბაიჯანში - გუგეშაშვილის და კვირკველიას გუნდები გალიდერდნენ [ვიდეო] #1TVSPORT

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-6 ტურში ცენტრალური მატჩი იმ გუნდების დაპირისპირება იყო, სადაც ქართველები თამაშობენ – „ყარაბაღმა“ „საბაჰს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა.

ლუკა გუგეშაშვილმა შეუცვლელად ითამაშა „ყარაბაღში“, რომელმაც გაჭირვებით დაამარცხა პირველი ტაიმის შემდეგ უმცირესობაში დარჩენილი „საბაჰი“. მასპინძელთა დაცვა ბევრს სცოდავდა და გოლებში ქართველი მეკარის დანაშაული არ იყო. „საბაჰში“ კი 78-ე წუთიდან გამოჩნდა დავით ვოლკოვი, რომელმაც შედეგიანი მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა.

ბაქოს „ნეფთჩი“ „გაბალას“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. ბაქოელთა ძირითად შემადგენლობაში იყო საბა კვირკველია, რომელიც შესვენების შემდეგ მამადუ მბოჯიმ შეცვალა. ვატო არველაძემ კი შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.

ყველაზე მეტი ქართველი მოედანზე „თურანისა“ და „ქიაფაზის“ მატჩზე გავიდა, რომელიც მასპინძლებმა 2:0 მოიგეს. „თურანის“ შემადგენლობაში შეცვლაზე ითამაშა იმედა აშორტიამ. „ქიაფაზის“ ძირითადში იყვნენ გიორგი ქანთარია და მათე კვირკვია, ხოლო მიხეილ ერგემლიძე შეცვლაზე შევიდა.

აღსანიშნავია, რომ პირველ ოთხეულში ის გუნდებია, სადაც ქართველები თამაშობენ – ლიდერობენ „ყარაბაღი“ (15) და „ნეფთჩი“ (15), „საბაჰი“ (13), მესამეზეა, ხოლო „თურანი“ (10) – მეოთხეზე.