რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდნილი ვოლგოგრადის „როტორის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბმა კონტრაქტი ხუთ მოთამაშესთან გაახანგრძლივა. მათ შორის ნიკა ყიფიანიც არის.
27 წლის ქართველმა ფლანგის ნახევარმცველმა ვოლგოგრადის კლუბთან ახალი ხელშეკრულება ოფციონის წესით ანუ 1+1 სქემით გააფორმა. დანარჩენი ქართველები, საბა კვირკველია, ზუკა დავითაშვილი და გიორგი არაბიძე კი, დიდი ალბათობით, გუნდს დატოვებენ. მათგან მხოლოდ დავითაშვილის ამბავია ცნობილი – ის ყაზანის „რუბინში“ ბრუნდება.
ნიკა ყიფიანმა გასულ სეზონში „როტორის“ ფორმით 14 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. მოსკოვის „ლოკომოტივის“ აღზრდილს უთამაშია რუსეთის 17, 18 და 19-წლამდელთა ნაკრებში. საკლუბო კარიერა კი პროფესიონალებში კვიპროსულ „ეთნიკოსში“ (2016-2017) დაიწყო. კვიპროსში ასევე იყო ნიქოზიას „ომონიას“ (2018) და „ერმისის“ (2018) მოთამაშე. 2019 წელს „რუსთავში“ გამოდიოდა, 2019 წელს კი ყაზანის „რუბინში“ ჩაირიცხა, 2020 წლიდან „როტორის“ მოთამაშე გახდა.